"კომერციული ვაქცინაცია ტურიზმის გადასარჩენად" - ეს არის ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი რამდენიმე კომპანიის მიერ 1 მარტს საქართველოს მთავრობისადმი მიმართვის პირველი პუნქტი, რომელმაც თავად ინდუსტრიის წარმომადგენლებში აზრთა სხვაობა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურისტული კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ ხელისუფლებას სექტორში დასაქმებული ადამიანების ნებაყოფლობითი ვაქცინაციისთვის, სამედიცინო კომპანიებთან მოლაპარაკებებთან შეთანხმებით ჩინური ან თუნდაც რუსული ვაქცინის ჩამოტანისთვის მზაობას გამოთქვამდნენ.
"წინასწარი მალაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარება/მონაწილეობის გარეშე, ამისათვის გვესაჭიროება მხოლოდ ნებართვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ვაქცინები ჯერ „ჯანმო-ს“ მიერ არ არის რეგისტრირებული, ამიტომაც მათი გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის არ მოხდება, განკუთვნილი იქნება მხოლოდ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის, მათი სურვილის და სრული პასუხისმგებლობის პირობით, ასევე მათი დამსაქმებლების თანხებით. ინდუსტრიაში მომუშავე ვაქცინირებული პირების არსებობა პირდაპირი სტიმულია უცხოელებისათის უსაფრთხო მოგზაურობის თვალსაზრისით", - ეწერა მიმართვაში.
მამუკა კელაურაძე, რომელიც ინდუსტრიის წარმომადგენლებს "გამყვანი ტურიზმის ასოციაციის" სახელით უერთდებოდა, ამბობს, რომ პოზიციის დაფიქსირებისას ის ტურისტულ კომპანია „კლარკ & რობინსონს“ წარმოადგენდა. BM.GE-ის კითხვაზე - რამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა სექტორში, ის ამბობს, რომ ინფორმაციას 2 მიმართულებით არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა.
„სამწუხაროდ, არასწორად გავრცელდა მედიაში ინფორმაცია. აქცენტი სათაურებში გადატანილი იყო იმაზე, რომ ტურიზმის სექტორს უნდა რუსული ვაქცინის შემოტანა და არა იმაზე, რომ ვაქცინის შემოტანა, ზოგადად, კომერციული თვალსაზრისით უცხოელი ტურისტებისთვის გვაინტერესებს. მთავარია, რომ ვაქცინა შემოსატანია და იქნება ეს AstraZeneca, Moderna, Johnson and Johnson-ი, ჩინური, ინდური თუ რუსული არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ეს იყოს ქმედუნარიანი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქცენტი რუსულ ვაქცინაზე გაკეთდა და თუ საქმე მაინცდამაინც რუსულ პროდუქტზე მიდგება, მაშინ ორმაგი სტანდარტები ნუ გვექნება, რადგან ჩვენ რუსულ პურს და რუსულ ელექტროენერგიას მოვიხმართ. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და თუ რაღაცაზე უარს ვამბობთ, ამაზეც უარი უნდა ვთქვათ. ამასთან, რუსულზე ყველას გვესმის, რომ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო უკმაყოფილება. თენგიზ ცერცვაძემაც განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინის შემოტანაზე ფიქრობდნენ და ხალხის აზრის გამო არ შემოიტანეს. დანარჩენი ვაქცინის შემოტანა კი, იმის გამო გაიწელა, რომ მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნა დიდია“, - განმარტავს მამუკა კელაურაძე და დასძენს, რომ მიმართვას ხელს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კომპანია აწერდა.
მისი თქმით, ინდუსტრია 300 000 ადამიანს ასაქმებს და გასაკვირი არ უნდა იყოს თუ აზრთასხვაობა იქნება.
„საქართველოში კერძო სექტორის მიერ ვაქცინის შემოტანის შემთხვევაში მოქალაქეების აცრა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება და არა ძალდატანებითი. ინდუსტრიაში თუ ვინმე არ გაიკეთებს, ეს მისი ნებააა. მე გავიკეთებ იმიტომ რომ მექნება თავისუფალი გადაადგილების საშუალება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის გარეთ. 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება უკვე ვაქცინაცია და აქედან უმეტესობა ჩინურს, რუსულს და ინდურ ვაქცინას იკეთებს.
ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები უმეტესწილად არ არიან რისკ ჯგუფის ხალხი, ამიტომ ისინი ვერ მოხვდებიან, სავარაუდოდ, იმ 60%-ში, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული გეგმით წელს უნდა აიცრას. თუ კომპანიებს ექნება სურვილი და მზადყოფნა, თავად აცრან დასაქმებულები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ. ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია აღქმული იყო როგორც სრულიად დარგის მიმართვა, რაც არასწორი ინტერპრეტირებაა“, - განმარტა „კლარკ ენდ რობინსონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
კითხვაზე - რომელ სამედიცინო კომპანიებთან აქვთ მოლაპარაკებები კომერციული ვაქცინის შემოტანაზე, მამუკა კელაურაძე ამბობს, რომ ამის გაჟღერებას ჯერ აზრი არ აქვს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დასტური უნდა ჰქონდეთ, რათა დეტალებზე ისაუბრონ.
"თუ მთავრობისგან არ იქნა თანხმობა, დეტალებზე საუბარი იქნება წყლის ნაყვა. ჩვენ მთავრობას ვაწვდით წინადადებებს იმისთვის, რომ ტურიზმი და ეკონომიკა მასშტაბურად აღდგეს, იმიტომ რომ შემომყვანი ტურიზმი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ და რაღაც ნაბიჯები თუ არ გადავდგით და სიახლეები თუ არ შევთავაზეთ ჩვენს კონტრაგენტებს, ისე არაფერი გამოვა“, - უთხრა BM.GE-ის ტურისტული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.