მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის კანონში დიდი ბომბებია ჩადებული... გამყვანი ტურიზმისთვის დამღუპველია“ - ბიზნესი

გამყვანი ტურიზმი

გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებლის და ტურისტული სააგენტო "კლარკ რობინსონის“ აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძის შეფასებით, საქართველოს ტურიზმის შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, „გამყვანი ტურიზმისთვის დამღუპველია“. "ჩვენ ძალიან ბევრი შენიშვნა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, არცერთი ჩვენი შენიშვნა გათვალისწინებული არაა“, - თქვა მამუკა კელაურაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

ტურიზმის ადმინისტრაცია ტუროპერატორების ზედამხედველი ხდება - ტურიზმის შესახებ კანონპროექტის დეტალები

- რატომ ვერ დაარწმუნეთ თქვენი შენიშვნის ლეგიტიმურობაში როგორც კანონმდებლები? ან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტი, რომ შემდეგ კანონმდებლებისთვის აეხსნათ, რა აწუხებს ბიზნესს?

- არ გვისმენს არავინ.... ჯერ გვითხრეს, რომ ახლა კანონი უნდა მივიღოთ და შემდეგ კანონქვემდებარე აქტებით დავარეგულირებთ იმ პრობლემებს, რაზედაც თქვენ საუბრობთო; არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტის ის ვერსია, რომელსაც ახლა განიხილავს პარლამენტი, გამყვანი ტურიზმისთვის, ტურისტული სააგენტოებისთვის არის დამღუპველია.

- რატომ არის დამღუპველი?

- ძალიან დიდი ბომბებია კანონში ჩადებული.

- ვისაუბროთ კონკრეტული პოტენციური მაგალითებით - რა არ მოგწონთ და რას არ ეთანხმებით ყველაზე მეტად?

- მაგალითად, როდესაც ტურისტული სააგენტო ტურისტისთვის ყიდულობს 400-ევროიან ავიაბილეთს, ჩვენი საკომისიო, დაახლოებით, 20 ევროა - ამ თანხაში შედის კლიენტისთვის ისეთი მომსახურების გაწევა, როგორიცაა ადგილის დაჯავშნა, მგზავრის სურვილის შემთხვევაში, ბილეთის გადაცვლა ან დაბრუნება და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ კლიენტი საზღვარგარეთ გაფრინდა და შეიძლება, ფრენა გაუქმდეს. ტურიზმის შესახებ ახალი კანონით, ტურისტული სააგენტოს ვალდებულება, ფაქტობრივად, უთანაბრდება ავიაგადამზიდავისას და მათი პასუხისმგებლობა გადმოდის ჩვენზე ანუ ავიაკომპანიის გამო გადადებული თუ გაუქმებული რეისისთვის მგზავრს ტურისტულმა სააგენტომ უნდა უყიდოს ავიაბილეთი...

- რამდენადაც მახსოვს, კანონპროექტის ავტორი კანონმდებლები მსგავს ჩანაწერს ევროპული პრაქტიკის ხსნიან და მიზანი მომხმარებლის/მგზავრის ინტერესების დაცვააა...

- ევროკავშირში მსგავსი არაფერია...

- მაშინ ვის მოაფიქრდა კანონში ამ ვალდებულების ჩაწერა?

- წარმოდგენა არ მაქვს, რომელი ქვეყნის მაგალითი აიღეს და საიდან თარგმნეს...

- რა როლი აქვს ამ ყველაფერში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასევე ეკონომიკის მინისტრის კურატორ მოადგილეს ტურიზმში - მარიამ ქვრივიშვილს და ზოგადად, როგორ აფასებთ კომუნიკაციის ხარისხს?

- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქცია არის და უნდა იყოს ქართული ტურიზმის პოპულარიზაცია. მოდით, ამასაც გეტყვით - გამყვანი ტურიზმი ყოველთვის გერის როლში იყო და არასდროს განიხილებოდა როგორც ტურიზმის შემადგენელი ნაწილი. რამდენჯერ ყოფილა ტუროპერატორი გაკოტრებულა, ხალხი ჩარჩენილა უცხოეთში და სახელმწიფოსგან ყურადღება იყო ნული და ახლა უკვე ისეთ კანონს იღებენ, რომ ყველაფერი ჩვენი გადასახდელი ხდება. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - ტურიზმის შესახებ კანონპროექტით, ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა; აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველად კი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განისაზღვრა, რომელსაც ტურისტული სერვისის მიმწოდებლებმა, გარკვეული პერიოდულობით, შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ. გასაგებია, რომ შარშანდელი ბრუნვის მოცულობა ვიცი, მაგრამ წელს რა ბრუნვას ველოდები, როგორ განვსაზღვრო?! აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდვების არანაკლებ 7%, მაგრამ მინიმუმ 30 000 ლარი საბანკო გარანტიის სახით წარვადგინო და ჩათვალეთ, რომ თუ რომელიმე მგზავრს რამე პრეტენზია გაუჩნდა, ჩათვალეთ, რომ ეს თანხა დაკარგული მაქვს და ვერც დავიბრუნებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები