ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის ლაურეატ ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტს მოუსმინეს, პატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტზე მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
"მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენ არასოდეს შეგიწყვეტიათ ბრძოლა იმ თავისუფლებისთვის, რომლებსაც ეს პარლამენტი იცავს. სწორედ ამიტომ, ამ პარლამენტმა მოგანიჭათ სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, რომელსაც ინაწილებთ ქართველ ჟურნალისტთან, მზია ამაღლობელთან, რომელიც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა და მუდმივად არის ჩვენს ფიქრებში.
ამ წუთებშიც არაერთი ჟურნალისტი და პოლიტიკური პატიმარი რჩება პატიმრობაში. გასულ წელს, ამ პალატის წევრებმა 900 ღია ბარათი გაუგზავნეს პოლიტიკურ პატიმრებს ბელარუსში. 900 შეხსენება იმისა, რომ ისინი მარტო არ არიან.
ამიტომ დღეს, ამ დარბაზიდან, ჩვენ ვაგზავნით გზავნილს, რომელიც საკმარისად ხმამაღალია საიმისოდ რომ მან შეაღწიოს ყველა ციხის საკნის კედელში ბელარუსში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სიმართლეს ახშობენ. ჩვენ არ დაგვიწყებიხართ. ევროპა თქვენ გვერდით დგას. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ თითოეული თქვენგანი არ გათავისუფლდება",- განაცხადა მეცოლამ.
სახაროვის პრემია მზია ამაღლობელს 2025 წლის ოქტომბერში ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად გადაეცა. ეს პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წელს დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.




























