მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზის ელექტროპანელებს ალგეთის წყალსაცავზე განვათავსებთ“ - „Georgian Dynamic Power“

642ec292f1362
ნანუკა ნარიმანიძე
06.04.23 23:24
797
"კომპანია Georgian Dynamic Power მიმდინარე წელს საქართველოში საპილოტე პროექტს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც წყლის ზედაპირზე მზის ელექტროპანელებს განათავსებს," - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნატა ჯაოშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამერიკელ ინვესტორებთან და ფრანგ მწარმოებლებთან, აპრილის ბოლოს ველოდებით ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩამოსვლას საქართველოში, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი განვახორციელებთ ჩვენს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვაპირებთ ამიერკავკასიაში შემოვიტანოთ ინოვაციური საპილოტე პროექტი და წყლის ზედაპირზე მზის ელექტროპანელები განვათავსოთ. უკვე შერჩეულია წყლის ზედაპირი, ავირჩიეთ ალგეთის წყალსაცავი, პროექტის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ, აქტიურად ვემზადებით, რათა ძალიან მალე შევუდგეთ სამშენებლო სამუშაოებს“, - განმარტა ნატა ჯაოშვილმა.

გარდა ამისა, დამფუძნებლის თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია, ქვეყნისთვის რაც შეიძლება მეტ სტრატეგიულ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ამასთან, გვსურს ვიზრუნოთ საქართველოში მწვანე ენერგიის განვითარებაზე, სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ პროექტში მივიღებთ მონაწილეობას“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, Georgian Dynamic Power 2018 წელს დაარსდა, კოვიდის გამო, კომპანიამ აქტიურად მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. აღსანიშნია ისიც, რომ Georgian Dynamic Power-მა 2022 წელს „ცემი 2“-ის პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ, ბაკურიანის სნოუბორდისა და სათხილამურო ოლიმპიადის სრული ელექტრომომარაგება უზრუნველყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები