მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის მოტივტივე სადგური წელიწადში $33 000-ის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს - "აგრო იმპექსი"

ლაშა ჯინჭარაძე

"აგრო იმპექსის" მიერ სოფელ ლემშვენიერაში დამონტაჟებული მზის მოტივტივე ელექტროსადგური, წელიწადში 33000 დოლარის ღირებულების, 3000 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს,- ამის შესახებ კომპანიის თანამფლობელმა, ლაშა ჯინჭარაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ ელექტროსადგურის მონტაჟი "თიბისის" აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში განახორციელა და ის საქართველოში პირველია.

„რაკი აგრარულ სექტორში ვართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საირიგაციო სისტემების გამართული მუშაობა, რაც დაკავშირებულია წყლის რესურსებთან და მისით ჩვენივე მიწების მორწყვასთან. ვინაიდან, ჩვენ ზაფხულში წყალი და მორწყვა გვჭირდება, მზის ფოტო ელექტროსადგურს ზაფხულში ყველაზე დიდი ენერგიის გამომუშავება შეეძლება. ფაქტობრივად, ჩვენი პიკური მოხმარების წერტილი და გამომუშავების პიკი ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მწვანე ენერგიის გამომუშავების მიმართულებით წავსულიყავით.

აღსანიშნავია, რომ წყალზე მოტივტივე ელექტროსადგური უფრო ეფექტურია, ვინაიდან გაგრილების სისტემა მუშაობს. გარდა ამისა, წყალშემკრები სისტემა ისედაც გვქონდა შესაბამისად, მიწის ადგილსაც არ დავკარგავდით. ასევე, წყლის აორთქლებას ხელს უშლის. ის წელიწადში 3000 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 33000 დოლარის ღირებულების შემოსავალს გულისხმობს. ხოლო პროექტის ღირებულება, 185 000 დოლარია საიდანაც, უკუგების პერიოდი არის 5 წელზე ცოტა მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფოტო ელექტროსადგურის საგარანტიო ვადა არის 30 წელი, აქედან გამომდინარე, 25 წელი უფასო ელექტროენერგია გვექნება.

ჩვენ გავიგეთ, რომ ამ პროექტს პროექტს USAID აფინანსებდა და მივხვდით, რომ ინოვაციური იქნებოდა. ამასთან, სოფლის განვითარების სააგენტოც ამ პროექტს სუბსიდირებას უკეთებს, სხვა შემთხვევაში ბიზნესი ამას მარტო ვერ აიტანდა. ასევე, აღსანიშნავია, თიბისი-სთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობაც. ყველა ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა, რომ მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაგვემონტაჟებინა“, - აცხადებს ჯინჭარაძე.

მისივე ცნობით, კომპანია სამომავლოდ, სოფელ ლემშვენიერას ლოკაციაზე "ენერგო პროს" მიერ მოწოდებულ ელექტროენერგიის თითქმის 100%-ით ჩანაცვლებას გეგმავს.

ჯინჭარაძე ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში გამოწვევები მრავლად არის და შეიძლება ითქვას, რომ „ოქროს ხანა“ ამ სექტორში არც არასოდეს ყოფილა. თუმცა, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაღაცები მნიშვნელოვნად შეიცვალა და წინ წავიდა.