მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზის პანელებმა 10 000 ლარამდე ელექტროენერგია ჭარბად გამოიმუშავა, რაც აქამდე არ ანაზღაურებულა“ - რა იცვლება აპრილიდან?

nn

თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი 2022 წლის ზაფხულში აშენდა. მას შემდეგ, სახლის სახურავზე დამონტაჟებული პანელები, წლიურად 45 მეგავატამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სახლის მფლობელი გიორგი რობაქიძე გვეუბნება, რომ ამ მეგავატების მხოლოდ 10%-ს მოიხმარს, დარჩენილი, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია კი დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულებისაა, რაც უნდა აუნაზღაურონ.

ნეტო აღრიცხვის ფარგლებში ცნობილია, რომ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება წელიწადში ერთხელ ხდება (1 მაისიდან მომდევნო წლის 1 მაისამდე), მაგრამ გიორგი რობაქიძე Bm.ge-სთან ამბობს, რომ თანხა აქამდე ვერ აიღო.

„რატომღაც ანაზღაურებები შეაჩერეს და ვერც „თელასი“ და ვერც „თელმიკო“ პასუხს ვერ მცემს, ვინ უნდა აანაზღაუროს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. ახლა სარგებელი რაც მაქვს, ის არის რომ კომუნალურ გადასახადებს აღარ ვიხდი და დანარჩენი ჭარბად გამომუშავებული მეგავატები უბრალოდ მრიცხველზე დაწერილი ციფრებია“, - განაცხადა გიორგი რობაქიძემ.

თუ ჯერ არ იცით, გეტყვით რომ თუ თქვენ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას. ეს საშუალებას მოგცემთ დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება, დაზოგოთ თქვენი კომუნალური ხარჯები და ასევე ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება მოითხოვოთ.

რატომაა შეჩერებული ანაზღაურება და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? - Bm.ge საკითხზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას (სემეკი) დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება უკვე 2 წელია შეჩერებულია. მიზეზად კი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დასახელდა, როცა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. კერძოდ,თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოს“ დაეკისრა. ამ რეფორმის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, „თელასისგან“ „თელმიკომ“ გადაიბარა ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პასუხისმგებლობაც.

„კომპანიების ფუნქციების გაყოფიდან გამომდინარე ანაზღაურების ნაწილი შეჩერებულია და 2024 წლის აპრილიდან ისევ ამოქმედდება. ხოლო, იმავე წლის 1 მაისიდან დაგროვილი ელ.ენერგიის საფასურის ფინანსურად ანაზღაურება "თელასის" ნაცვლად "თელმიკოსგან" მოხდება. ფინანსური ნაწილი შეჩერებულია, მაგრამ მოქმედებს, ელექტროენერგიის კილოვატ საათების გაქვითვა“, - გვითხრეს სემეკ-ში.

კითხვას, რატომ გახდა ანაზღაურების ამდენწლიანი შეჩერება საჭირო? სემეკ-ში შემდეგნაირად გვიპასუხეს: „კომპანიებს შორის გარკვეული ბაზრების დარეგულირება უნდა მომხდარიყო, რასაც დრო სჭირდება და ეს დრო ამ პრობლემის მოგვარებისთვის იქნა გამოყენებული“.

თავის მხრივ, გიორგი რობაქიძე საკუთარ მაგალითზე განმარტავს, რატომ არის პრობლემა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურების ამდენხნიანი შეჩერება.

„ასეთი ქმედებები არასტაბილურობას იწვევს და მომხმარებლებისთვის დემოტივაციაა. ზოგი ადამიანი პანელებს ბანკის სესხით აყენებს და შესაბამისად, სურს სესხი ამონაგებით დაფაროს. ასევე ცუდია, რომ ანაზღაურება წელიწადში ერთხელ ხდება, კარგი იქნებოდა წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მაინც ხდებოდეს რადგან, ადამიანს თუ კრედიტით აქვს თანხა აღებული, იმ კრედიტის რაღაც ნაწილის დროულად გასტუმრება შეძლოს.

ვფიქრობ, მომავალში თუ გვინდა ამ მიმართულებით ქვეყანა განვითარდეს და მომხმარებლებმა მათი გამომუშავებული ელექტროენერგია სწორად განკარგონ, უნდა არსებობდეს გვერდი, სადაც თვითონ, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელს, თავისი გადაწყვეტილებით, ელექტროენერგია როცა უნდა აინაზღაუროს ან ვინმეს აჩუქებს ან მიყიდის. ამისთვის არ უნდა სჭირდებოდეს უამრავი განცხადებების წერა, ეს დროს მოითხოვს და შეიძლება ადამიანს ეს არ უღირდეს. ასევე პრობლემაა ტარიფი, ადრე მქონდა ინფორმაცია, რომ ტარიფი რომლითაც ანაზღაურება უნდა მომხდარიყო იყო 18.1 თეთრი, ახლა არ ვიცი რამდენი იქნება.

ელექტროენერგიის საფასური შემცირდა და თითქმის წელიწადნახევარზე მეტი ხანი ნაგროვებ მეგავატებს, ახლა როგორ აანაზღაურებენ არ ვიცი. ერთია, რომ პანელები წელიწადნახევარია აყენია, სარგებელი არ მოაქვს და ფული დახარჯული გვაქვს და მეორე ის, რომ მან თუ დროზე არ მოახდინა თავისი თავის ამოღება არარენტაბელური იქნება. უამრავი ადამიანი ვინც მეკითხება ღირს თუ არა დაყენება, მე რეკომენდაცია შეიძლება ვეღარ გავუწიო“, - განაცხადა მან.

გიორგი რობაქიძის თქმით, ანაზღაურების პრობლემა ძირითადად შეეხოთ, ადამიანებს რომლებსაც მაღალი მოხმარება არა აქვთ. ხოლო საწარმოებს ანაზღაურების პრობლემა არ უდგათ, რდაგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას სრულად მოიხმარენ და მისი გაყიდვა არც სჭირდებათ.

მან ასევე გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით მარტივი სისტემა უნდა არსებობდეს:“მომხმარებელს თავისი გვერდი უნდა ჰქონდეს და თვითონ განკარგოს მეგავატებს, გაყიდის თუ გააჩუქებს, ანუ მომხმარებელი ძალიან იოლად უნდა განკარგავდეს თავის ელექტროენერგიას. ასევე უნდა იყოს ფიქსირებული ტარიფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, - ამბობს რობაქიძე.

რა გვითხრეს "თელასში"?

Bm.ge-ს თელასში უთხრეს, რომ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურების შესახებ მხოლოდ 2019-2020 წლის მონაცემები აქვთ, ანუ ის პერიოდი როცა "თელასს" ანაზღაურება ევალებოდა. მათი ცნობით, ამ პერიოდში ჭარბი ელექტროენერგიის ღირებულება 40 მიკროელექტროსადგურს აუნაზღაურდა. "ჭარბმა ელექტროენერგიამ შეადგინა 292512.59 კვტსთ ღირებულებით 33916.87 ლარი. აღნიშნული მიკროლექტროსადგურებიდან 8 წარმოადგენდა იურიდიულ პირს, დანარჩენები იყვნენ ფიზიკური პირები. ელექტროსადგურებიდან ერთი - შპს აბსო არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, დანარჩენი ყველა მზის მიკროელექტროსადგურებია", - გვითხრეს "თელასში".

როგორც განგვიმარტეს, 2024 წლის მაისიდან ჭარბად გამომუშავებულ ელექტროენერგიას აანაზღაურებს „თელმიკო“, ხოლო კილოვატებს აღრიცხავს „თელასი“. კითხვას, 2020 წლის შემდეგ რამდენი კილოვატი დაგროვდა ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის, „თელასში“ გვითხრეს, რომ რადგან ანაზღაურება მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება, მონაცემებიც მაგ დროისთვის, ახალი რეგულაციის შესაბამისად, დაჯამდება.

სემეკის ბოლო მონაცემებით,

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია. ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების უმეტესობა (98%) მზის ენერგიაზე მომუშავეა (მზის პანელები), ხოლო ქარისა და წყლის რესურსებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2%-ს შეადგენს. 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 319 ელექტროსადგური. აქედან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 175; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის- 144 სადგური. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 747 ელექტროსადგური, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 420; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 327 სადგური. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის ან ჩამდინარე წლის გამოყენებით. ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული მაქსიმალურ სიმძლავრე 500 კილოვატს შეადგენს.

როდის დაიწყო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა?

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა 2020 წელს დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 2021 წლის 1 ივლისიდან თელასის ნაცვლად "თელმიკოს" დაეკისრა. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შემდეგ თელასის საკუთრებაში დარჩა გადამცემი ხაზები და მრიცხველები, თბილისში ელექტროქსელის მომსახურება და მართვა ისევ მისი ვალდებულებაა. "თელმიკო" კი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები