გასულ წელს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა – სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“და სს „თელასმა“ ჯამურად 212.3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს.
სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სს „თელასის“ მიერ ქსელში 53.1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს მცირედით, 2%-ით აღემატება. აქედან :
- 19.7 მლნ ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტების პროექტების განხორციელებას მოხმარდა.
- 31.4 მლნ ლარი დაიხარჯა ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც 2023 წლისთვის დასრულდა 6 572 ახალი მიერთება, ხოლო ქსელზე მიერთების საფასურის შემოსავალმა შეადგინა 30.8 მლნ ლარი დღგ-ის გარეშე.
- 2 მლნ ლარამდე დაიხარჯა სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტისა და მოწყობილობის, ორგტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე.
ანალოგიური მიმართულებებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ განახორციელა ინვესტიციები, რამაც ჯამში 159.2 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით კომპანიის ინვესტიციები 10%-იან კლებას აჩვენებს. ინვესტიციების ფარგლებში საზედამხედველო კონტროლისა და მონაცემთა შეგროვების სისტემა (SCADA) მოეწყო 4 ქვესადგურში; 35/110 კვ ქვესადგურებში გარემონტდა სხვადასხვა სიმძლავრის 32 ძალოვანი და ქსელში 545 ცალი 10-6/0,4 კვ-ის ტრანსფორმატორი, შეკეთდა საქვესადგურო შენობები, ქვესადგურებში შეყვანილ იქნა წყალი და დამონტაჟდა ახალი სამორიგეო ჯიხურები, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაო განხორციელდა ელექტროგადამცემ ხაზებზე; სარეაბილიტაციო სამუშაოები შეეხო ასევე 10/6 კვ-ს, კერძოდ, ქსელში დაიდგა 690 ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორი, დამონტაჟდა 9560 ცალი საყრდენი და 560 კმ სადენი, გამოიცვალა და დამონტაჟდა კაბელები, შემოიღობა, გადაიხურა და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სატრანსფორმატორი პუნქტებს და შეიცვალა და რეაბილიტირდა 86 ქალაქური ტიპის კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური და 151 კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური. მოეწყო 187 ერთეული ძაბვის უჯრედი, ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტებში მოეწყო 29 ვაკუუმური ტიპის ამომრთველი და ქსელში დამონტაჟდა 10 ცალი ვაკუუმური ჩამრთველამომრთველი, 48 გარე დადგმულობის სახაზო უჯრედი და 675 სახაზო გამთიშველი. 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდა 14 212 დგარი და 429.4 კმ თვითმზიდი იზოლირებული კაბელი, მათ შორის კახეთის 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაცია-გამრიცხველიანების ფარგლებში – 2 959 დგარი, 208 კმ სიპ კაბელი და 10 208 მრიცხველი.
ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში გასულ წელს ფაქტობრივად ჩადებულმა ინვესტიციებმა დაგეგმილს გადააჭარბა.