Geo-Energy-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლევან აბაშიძე ამბობს, რომ მზის სადგურების მონტაჟი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, მზის ენერგიის პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივა ქვეყანაში საკამათო აღარ არის და ყველა თანხმდება მის სარგებელზე.
მისივე თქმით, თავდაპირველად კომპანიებში მზის სადგურების მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იყო და მომხმარებლებთან კომუნიკაცია იყო საჭირო, რათა მზის ენერგიის სარგებლიანობაში დაერწმუნებინათ.
„ხშირად მომხმარებლებთან გვიწევდა აქტიური მოლაპარაკებები იმაზე, რომ მათ შეეძლოთ ხარჯების დაზოგვა. აქედან გამომდინარე, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენი მომხმარებლის ნდობა მოგვეპოვებინა.
ინტერესი მზარდია დაკვეთების თვალსაზრისით. გვქონია შემთხვევა, როდესაც მზის სადგური ერთ კომპანიას დავუმონტაჟეთ. როდესაც ამ კომპანიამ სარგებელი ნახა, მეორე კომპანიაც დაინტერესდა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, დარწმუნება აღარ გვიწევს, რომ მზის ენერგია საინტერესო და მომგებიანია.
მზის ენერგიის განვითარებისთვის დაფინანსების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თიბისისთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც ჩვენი ცოდნისა და ექსპერტიზის გაზიარებას ითვალისწინებს. თიბისის ფილიალებში თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა, სადაც მათ ჩვენი ექსპერტული ცოდნა გავუზიარეთ. ამასთან, თიბისის ერთ-ერთ ობიექტზე მზის სადგური დავამონტაჟეთ, რომელიც საპილოტე პროექტია. მის ფუნქციონირებასა და მენეჯმენტს ჩვენ ვახორციელებთ,“- განაცხადა ლევან აბაშიძემ.
ცნობისთვის, კომპანია Geo-Energy ბაზარზე უკვე ოთხი წელია ოპერირებს.