სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში დადგმული სიმძლავრის შემცირებაზე მსჯელობს. საუბარია მზის სადგურებზე, რომელთა დასაშვები დადგმული სიმძლავრე დღეს თუ 500 კვტ/სთ-ია შემცირდეს 5-ჯერ, 100 კვტ/სთ-მდე. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი შესაძლო ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის მოთხოვნას შეამცირებს და დარგს საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
“გამანაწილებელი ლიცენზიატის ენერგო-პროს ქსელში ჩვენ აღარ გვექნება 500 კვტ მიკროსიმძლავრის აშენების შესაძლებლობა, დაშვებული იქნება მაქსიმუმ 100 კვტ/სთ. ხოლო თელასის ქვეშ მხოლოდ თბილისში და თბილისის შემოგარენში დაშვებული იქნება კვლავ 500 კვტ/სთ. რეგულირების კუთხით ყველაზე მეტად რაც მუშაობდა და დღესაც შეიძლება ითქვას, რომ ნეტო აღრიცხვის მექანიზმი არის ყველაზე წარმატებული, რაც ამ დარგს ავითარებს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სხვა მიმართულებებიც განვითარდეს, რომ უფრო მეტი მზის ენერგიის ათვისება მოხდეს. იმიტომ რომ ცვლილებები ფაქტობრივად ქვეყნის და რეგიონების მასშტაბით დარწმუნებულები ვართ რომ მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს”- ამბობს shine energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ენერგო-პროს ქსელში დადგმული სიმძლავრის შემცირება ახალ რეგულაციებზე გადასვლის პერიოდში არის დაგეგმილი. ბაზარი ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე უნდა გადავიდეს. იქამდე სანამ სისტემაში ცვლილებები იქნება სემეკში გვიხსნიან, რომ ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც ქსელს პრობლემებს უქმნის. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მარეგულირებელ კომისიაში მიიჩნევენ, რომ დადგმული სიმძლავრის ზღვარი უნდა შემცირდეს.
“ნეტო აღრიცხვის პროექტმა მიაღწია განვითარების პიკს, იყო ძალიან პოპულარული, იქიდან გამომდინარეობს ის რომ შეივსო 14%-იანი ზღვარი, შესაბამისად, ამ რაოდენობიდან და სიმძლავრიდან გამომდინარე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ჩვენ უკვე მოგვმართეს, რომ ეს სადგურები ქმნიან გარკვეულ პრობლემებს გამანაწილებელ ქსელში.
ელექტროენერგია არის მყისიერი მოხმარების პროდუქტი, შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი საჭიროებს მართვას და ეს სადგურები არის უმართავი, ვინაიდან არ იმართება ელექტრონული სისტემის დისპეჩერების მიერ და შესაბამისად, ქმნის საფრთხეს რომ ტექნიკური ხარვეზები გამოიწვიოს გამანაწილებელ ქსელში და გააუარესოს ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრები.
ამიტომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე სულ რომ არ გაჩერდეს და დიდი სიმძლავრეები შემცირდეს, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციების გათვალისწინებით ამ სადგურების სიმძლავრე არის გეგმაში, რომ შემცირდეს 500 კვტ/სთ-დან 100 კვტ/სთ-მდე.”-აცხადებს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი.
ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის საჭიროებას ბიზნესი ეთანხმება და ამბობენ, რომ პროცესში პრობლემური გარდამავალი პერიოდია, რა დროსაც მარეგულირებელი დასაშვები დადგმული სიმძლავრის შემცირება განიხილავს. კერძო სექტორში ამბობენ, რომ სემეკთან ნეტო დარიცხვის სისტემის ამოქმედებასთან ერთად დადგმულ სიმძლავრეზე შემცირებული ზღვრის გაუქმება განიხილეს, რაც საჭირო ინვესტირებისათვის მიმზიდველი გარემოს შესანარჩუნებლად იქნება.
“500 კვტ/სთ-დან 100 კვტ/სთ-მდე შემცირება გამოსავალი არ არის, ქსელის განვითარებაში უნდა მოხდეს ინვესტიციების განხორციელება რომ ქსელმა შეძლოს განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია. ჩვენ სიმძლავრე კი არ უნდა შევამციროთ და მოვიკლოთ რაღაც, პირიქით უნდა შევეცადოთ ქსელი გავაუმჯობესოთ, რომ რაც შეიძლება მეტი სიმძლავრის ინტეგრაცია შევძლოთ. ჩვენი პოზიცია არის, რომ ვემხრობით ნეტო დარიცხვის დანერგვას, მაგრამ არ უნდა იყო შეზღუდვა 100 კვტ სიმძლავრის, როგორც ეს ენერგო-პროს ქსელში გვექნება. სემეკიდან მივიღეთ დაპირება შეხვედრაზე, რომ გაზაფხულზე გვექნება სრული სახით ჩამოყალიბებული ნეტო დარიცხვის მოდელი, რაზეც უნდა გადავიდეთ და საუბარი არის ასევე იმაზეც, რომ არ იქნება რაიმე სიმძლავრის შეზღუდვა, ანუ 500 კვტ/სთ სიმძლავრის ლიმიტი დაბრუნდება.”-ამბობს საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.
ცნობისთვის, ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციით ბაზრის ახალი მონაწილეებისთვის ნეტო აღრიცხვის ეტაპობრივი გაუქმება 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს და ე.წ ნეტო დარიცხვის სისტემა ამოქმედდეს, რაც შესაბამის დოკუმენტშიც იკითხება.
ცვლილებებით თუ ბაზრის მონაწილეები დღეს ნეტო აღრიცხვის სისტემის მეშვეობით ჭარბი ელექტროენერგიის მომავალი მოხმარებისთვის გამოყენებას ახერხებენ, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის კრედიტად შენახვას ვეღარ შეძლებენ და სანაცვლოდ ბაზრის მონაწილისთვის მისი ფინანსურად ანაზღაურება მოხდება.
ჯერჯერობით ბიზნესი ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინშია, თუმცა სემეკში დადგმული სიმძლავრის ზღვრის შემცირებაზე იმსჯელებენ, სხდომა 30 იანვარს არის ჩანიშნული.