მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაძალადევში მე-14 სკოლის აშენების მოთხოვნით აქცია იმართება

აქცია

ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის მშენებლობის მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ. BM.GE ადგილზე პროტესტის მონაწილეებს დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არავინ ეუბნება, როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა, ხოლო ტერიტორია ამ დროისთვის ნაგავსაყრელად არის ქცეული.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ 4 წლის განმავლობაში ახალი სკოლის აშენებას დაჰპირდა. მათივე თქმით, აღნიშნული სკოლის დემონტაჟი სწორედ 4 წლის წინ განხორციელდა, თუმცა ახალი ობიექტის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

„ოთხი წელია სკოლას აშენებენ. ჯერ რესტავრაცია გაუკეთეს, მაგრამ არ ვარგოდა, შემდეგ დაანგრიეს, შეგვპირდნენ აგიშენებთო და არ აშენებენ 4 წელია.

ადგილზე ნანგრევებია… სიბინძურე, ტალახი, მკვდარი ვირთხები, ნაგავი და უბედურება. გარშემო მოსახლეობა ცხოვრობს ჩვეულებრივად. ეს ბავშვები თემქაზე დადიან სკოლაში და არავინ ამბობს, ეს სკოლა როდის აშენდება“, - აცხადებს ადგილობრივი და დასძენს, რომ განათლების სამინისტროდან ან სხვა უწყებებიდან მათ პროტესტს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

“ლელოს” წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფება ჩვენთან კომენტირებისას ამბობს, რომ ადგილზე დაახლოებით 200-მდე მშობელია ამ დროისათვის შეკრებილი და ისინი უწყებისგან პასუხს ელიან თუ როდის აშენდება სკოლა.

„ზოგადად ნაძალადევში ეს არ არის გამონაკლისი, ბევრ სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი - მე-4, მე-10, მე-11, 113-ე და ახლა მე-14 საჯარო სკოლაში“, - აღნიშნავენ ადგილობრივები.

ნიკა ჩერქეზიშვილი თქმით, ტერიტორია ნანგრევებითა და ნაგვით სავსეა, არ არის შემოღობილი, სავსეა შპრიცებით და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე კონკრეტულ პასუხს მიიღებენ, როდის აშენდება მათი სკოლა.

„ახლა ეს არის ნანგრევები, ნაგავსაყრელად არის ქცეული, უსაფრთხოების ნორმებიც არ არის დაცული… ჯერ ჯერჯერობით არავინ მოსულა მშობლებთან, რომ უთხრას, როდის აშენდება სკოლა“,- აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები