შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (NAEC) ათობით ადამიანი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ვრცელდება. თავად განათლების სამინისტროში კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ცენტრში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ეს პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. bm.ge-ს განათლების უწყებაში არ დაუკონკრეტეს დათხოვილი თანამშრომლების რიცხვი და აღნიშნეს, რომ "ჯერჯერობით [რეორგანიზაციის] პროცესი არ დასრულებულა"
"ცენტრში 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დასრულდება დეკემბრის ბოლოს", - განუცხადეს BM.GE-ის განათლების სამინისტროში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან რეორგანიზაცია არაერთ საჯარო უწყებაში, მათ შორის სამინისტროებსა და პარლამენტში დაიწყო. განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის შესახებ აპრილში გახდა ცნობილი. უწყებაში ამბობდნენ, რომ ეს სსიპებს არ ეხებოდა.
განათლების მკვლევარი და პროფესორი სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ NAEC-ის თანამშრომლები გააფრთხილეს, "ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო". მისივე თქმით, თანამშრომლები უწყებიდან გაშვებით დასაჯეს.
"გუშინ გამოცდების და შეფასების ცენტრიდან, აი იმ დაწესებულებიდან, 2005 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს რომ ატარებს, რამდენიმე ათეული პროფესიონალი გაათავისუფლეს.
ამ ცენტრის საქმიანობა უამრავჯერ გამიკრიტიკებია ძირითადად იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში მიღების არსებული სისტემა ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას განათლების სისტემაში. ვაკრიტიკებდი იმიტომ, რომ სასკოლო განათლება ზედმეტად კონცენტრირებული გახდა გამოცდების დაძლევაზე და შესაბამისად რეპეტიტორობა ძლიერდება. მაგრამ, შეუძლებელია არ დააფასო ის, რომ ამ ხალხმა შექმნა სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია განათლების სისტემაში, შემოიტანა ქვეყანაში ახალი ცოდნა ტესტების შექმნის, გამოცდების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით.
ამ ხალხის წყალობით მეტი ვიცით მასწავლებლების და სკოლის დირექტორების კომპეტენციების შესახებ. ამ ადამიანების შრომის და ბრძოლის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტესტირებები მინიმალურად ექვემდებარებოდა პარტიულ კონიუნქტურას. ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს", - წერს სიმონ ჯანაშია.




























