რეორგანიზაცია განათლების სამინისტროშიც დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, რეორგანიზაციის ბრძანება გამოცემულია უკვე, თუმცა მისი გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვთ. ასევე, თანამშრომლებს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ უკვე ეცნობათ. "ეს არ ეხებათ სსიპ-ებს", - უთხრეს bm.ge-ის განათლების სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტრო არ არის პირველი უწყება, სადაც ბოლო რამდენიმე თვეში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მათ შორის პირველი თბილისის მერია იყო, რომელმაც რეორგანიზაცია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის ნოემბრიდან მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. მას შემდეგ სამსახურიდან არაერთი საჯარო მოხელე გაუშვეს. გათავისუფლებულები ფაქტს საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.
ასევე ვიცით, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებულია თავდაცვის სამინისტროში და პარლამენტში.




























