შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის მომსახურებას ტენდერის გარეშე დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან ყიდულობს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაცვის მომსახურებაში ცენტრი 916 000 ლარს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხდის.
"განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვა 2025 წელს ორგანიზებული ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის დაცვის მომსახურებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან”, - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნინო წერეთლის ბრძანებაში.
შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დაცვის მომსახურება უზრუნველყოფს გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების (კონფიდენციალური დოკუმენტაციის) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის, პროფესიული უნარებისა და სტუდენტების საგრანტო გამოცდები ივლისში გაიმართება.