რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს აღარ იკავებს - დღეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა უარყო, რომ მისი ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ რაიმე გამოძიება მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მედიაში სპეკულაციური ინფორმაცია ვრცელდება.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2021 წლის დეკემბრიდან იკავებდა, იქამდე კი “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის თანამდებობაზე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.
რომეო მიქაუტაძემ უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 30 დეკემბერს წარადგინა. ამასთან, დეკლარაცია 2024 წლის იანვარში დაარედაქტირა და გამორჩენილი პუნქტები შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, 2023 წელს რომეო მიქაუტაძემ 320,000 დოლარად შეიძინა 2,316 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი წყნეთში. ქონებრივ დეკლარაციაში რომეო მიქაუტაძე ასევე უთითებს 2020 წელს ბეთლემის ქუჩაზე 479 კვადრატული მეტრის კომერციული ფართის შეძენას, რაშიც 825,000 დოლარი გადაიხადა. ასევე დედოფლისწყაროში დედოფლისწყაროს რაიონში 831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 203 კვადრატული მეტრის სახლში 120,000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციის მიხედვით რომეო მიქაუტაძე ასევე ფლობს 180 კვადრატული მეტრის ბინას თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, რომელშიც 240,000 დოლარი გადაიხადა.
რომეო მიქაუტაძე დეკლარაციაში ასევე უთითებს საბანკო ანგარიშებს “საქართველოს ბანკსა” და “ბაზისბანკში”, რომლებზეც საერთო ჯამში 267,000 დოლარი და 10 ათასი ლარი არის განთავსებული.
მიქაუტაძე დეკლარაციაში ასევე უთითებს, რომ ნაღდი ფულის სახით 150,000 დოლარს ინახავს.
მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მან გასული წლის ხელფასის სახით 76,352 ლარის ანაზღაურება მიიღო.
კიდევ ერთი შემოსავალი რასაც რომეო მიქაუტაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, არის 50,000 ლარის საჩუქარი დედისგან.
რაც შეეხება საბანკო ვალდებულებებს მას აქვს 85,000 დოლარის სესხი ვითიბი ბანკში და 100,000 დოლარის სესხი ასევე ვითიბი ბანკში.
დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს მან სხვადასხვა უძრავი ქონებების ნასყიდობაში 332,000 დოლარი გადაიხადა, ხოლო მათგან ორ ხელშეკრულებაზე მიქაუტაძემ 2024 წლის იანვარში რედაქტირება შეიტანა და ნასყიდობის თარიღები მიუთითა.