მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD-ის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებას ამ დრომდე ელიან

გიორგი მარგებაძე

ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის ფარგლებში პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებს ეკონომიკის სამინისტროსთან მემორანდუმები ჯერ კიდევ არ გაუფორმებიათ.

ამის შესახებ Bm.ge-ის მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განუცხადა, რომელიც რამდენიმე კომპანიის პარტნიორია. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებების გაფორმებას აგვისტოს ბოლოს შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს BM.GE-სთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გარკვეული პროცედურები იყო დარჩენილი და კომპანიებთან მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდებოდა. მან მაშინ 7-10 დღის ვადა დაასახელა, რომელიც თითქმის ორი კვირაა ამოიწურა. 

ინფორმაციის გადამოწმებას ეკონომიკის სამინისტროსთან დღესაც შევეცადეთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ 10 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღება კი 2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტის დასრულდა. აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან მაღალი იყო, რადგან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები. (300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე).

რაც შეეხება მეორე აუქციონს, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში 25 ივლისს განაცხადა, ის შესაძლოა, სექტემბერში გაიმართოს.

“ვნახოთ, გარკვეული საკითხების გავლას ველოდებით ჩართულ მხარეებთან. მეორე აუქციონზე იგეგმება 400 მეგავატის მოცულობის პროექტების გამოტანა, თუმცა სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა მაშინ რომეო მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები