ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპა დაინტერესებულია აზერბაიჯანული გაზის მიღებით, თუმცა ფიქრობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2027 წლისთვის ევროპამ დაანონსებული 20 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის მიღება შეძლოს.
ენერგეტიკოსი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის ბაზარი გათავისუფლდა რუსეთის მონოპოლიისგან და ახლა ბაზრის სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებულია და ევროპის ქვეყნებიც დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მიღებით, თუმცა ამ პროცესს ტრასპორტირების შეზღუდული რესურსი აფერხებს.
„ევროპას სურს ჰქონდეს გაზის მიღების დივერსიფიცირებული არხები, თუმცა დღეს ტექნიკური პირობების გამო, აზერბაიჯანი ევროპის ბაზარზე 4-5%-იან წილზე მეტს ვერ იკავებს. დღეს „სამხრეთ კავკასიური მილსადენის შესაძლებლობები მოცულობის გადატანის კუთხით შეზღუდულია - 24 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. მეორეც, ბუნებრივი რესურსების მარაგების კუთხითაც აზერბაიჯანს რუსეთზე ნაკლებად აქვს ათვისებული მარაგები, მაგრამ სურვილი ევროპას, რა თქმა უნდა, აქვს, რომ ალტერნატიული წყაროებიდან მიიღოს ბუნებრივი აირი“, - მიიჩნევს მამათელაშვილი.
ენერგეტიკოსი ამბობს, რომ იმისათვის, რომ თუ საუბარია დამატებით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღებაზე. ერთადერთი გზაა ან ახალი მილსადენი აშენდეს, ან არსებული მილსადენის მოცულობა გაიზარდოს.
"ამ დროისათვის ტრანსადრიატიკული მილსადენის, TAP-ის მოცულობა არის დაახლოებით 12-12.5 BCM. შესაბამისად, 20-ს ვერ მიიღებს ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. იყო ხელმოწერილი მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ, რომ 2027 წლისთვის 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდილიყო TAP-ის გამტარუნარიანობა, თუმცა ეს ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ასევე, საჭიროა თურქეთთან მოლაპარაკება, რომ გარკვეული მოცულობები თურქეთმა დათმოს. რეალურად, საჭიროა, როგორც TANAP-ის, ისე TAP-ის სიმძლავრის გაზრდა", - აღნიშნავს არჩილ მამათელაშვილი
იმ ფონზე, როდესაც ჯერ მილსადენების გაფართოება არ დაწყებულა, არჩილ მამათელაშვილი ვარაუდობს, რომ „სამხრეთის გაზის დერეფანში“ გაზის დამატებითი მოცულობის გატარება სავარაუდოდ, 1-2 წლით გადაიწევს.




























