მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამდვილად ვიცით, თუ რომელ მხარეს ირჩევს ქართველი ხალხი - დეგნანი

6392fb076fb2b
გიორგი თოლორდავა
09.12.22 13:30
567
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს.

ელჩის პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია ომში მხარეების არჩევისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, ცხადია, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ქვეყანა ამჟამად საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, იდენტობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის - ამ ყველაფერს კი ქართველი ხალხი კარგად იცნობს, რადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა თქვენც გიწევთ. რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მითვისებას, თქვენი იდენტობისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვასაც ცდილობს, სწორედ ამიტომ ქართველები სოლიდარობას უკრაინელ ხალხს უცხადებენ. ჩვენ ნამდვილად ვიცით, თუ რომელ მხარეს ირჩევს ქართველი ხალხი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7 დეკემბერს კითხვაზე, თუ ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხა: "მე ვარ საქართველოს მხარეს".

"მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები