საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ევროპულ მომავალზე BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართველმა ხალმა დიდი ხანია აირჩია გზა, რა მიმართულებითაც სურს წასვლა და საქართველოს 12 წინაპირობის სახით მკაფიო გზამკვლევი აქვს.
"უკეთესი უსაფრთხოება, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი დემოკრატია – ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის საქართველოს წარმატების , სტაბილურობის ფორმულა.
საქართველოს საუკუნეების გამოცდილება დაუგროვდა, როგორ იყენებს რუსეთი ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რომ ის მოწყვიტოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს და რაც ყველაზე მთავარია, წაართვას ძალა, რომელიც ერთობით მიიღწევა. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს მკაფიო გზამკვლევი 12 წინაპირობის სახით. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ნაწილია – მათ არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული. ეს არის გზამკვლევი და ყველა ნაბიჯი ამ გზაზე გულისხმობს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკის გაძლიერებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და მოსახლეობის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას – გაერთიანებას ევროპული მომავლის ირგვლივ", - განაცხადა კელი დეგნანმა.