მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოზე მუდმივად ახდენს ზეწოლას, რომ შიშის განცდა ჩანერგოს - კელი დეგნანი

644d88f1774c8
BM.GE
30.04.23 01:00
718
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ევროპულ მომავალზე BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გადაცემაში, დასმულ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც დასავლეთთან საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის არათანმიმდევრულობას ეხებოდა, მან უპასუხა, რომ ეს პროპაგანდაა.

-ზოგჯერ, კოგნიტური დისონანსი მემართება, როდესაც ერთი მხრივ მესმის, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, ხოლო მეორე მხრივ – მზად არის ისეთი გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან, როგორსაც მაგალითად შავი ზღვის კაბელის პროექტი ითვალისწინებს.

-კოგნიტური დისონანსი ზედგამოჭრილი ტერმინია – ზუსტად ამის მიღწევა სურს პროპაგანდას, რომელიც დღეს საქართველოს ბომბავს. უნდა შემოიტანოს დაბნეულობა, გაფანტოს ყურადღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ გაარკვიონ, რა არის სიმართლე. ვერ გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭორი და მართალი, დეზინფორმაცია, რომელსაც წალეკილი აქვს დღეს საზოგადოება. ვიცი, რომ ამას რუსებისგან ქართველები ბევრი წლის განმავლობაში მიჩვეულები არიან. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა საქართველო სუსტი იხილოს, დაყოფილი და ერთმანეთთან მოჩხუბარი. სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება მედიის როლზე, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ზუსტი, დაბალანსებული ინფორმაცია, რაც დღეს ასე სჭირდებათ და სურთ ადამიანებს. მათ სჭირდებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ იქცევა მათი ქვეყანა, რა როლს თამაშობს.

ყველას ესმის როგორ ვითარებაშია დღეს საქართველო, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთი მუდმივად ახდენს ზეწოლას საქართველოზე, რომ მას ჩაუნერგოს შიშის განცდა და შემოიტანოს დაბნეულობა ქვეყანაში. არავინ ელოდება, რომ საქართველო იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე თავს კომფორტულად გრძნობს, რომ გააკეთოს. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ რთულ ვითარებაში ხართ. და რასაც საქართველო აკეთებს – კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან დაფასებულია. მუდმივი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეებმა გაარჩიონ სიმართლე მთელი იმ პროპაგანდიდან, რომელიც უწყვეტად და ულმობლად მიიმართება მათ წინააღმდეგ. ეს უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები