მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 2 წელი საქართველოში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა იყო - ელჩი მიზეზებზე

644c01eb22def
BM.GE
29.04.23 00:30
1092
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მოსაზრებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა იყო.

როგორც მან BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ამის მიზეზი ნამდვილად იყო ომის გავლენა, თუმცა – ნაწილი ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სწორი ფისკალური და მონეტარული მენეჯმენტის შედეგია.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ ამ 30 წლის მანძილზე. ამას საქართველოს მოქალაქეების დიდი მონდომება და ძალისხმევა დასჭირდა. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი. ამერიკა ამ გზაზე საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია. უკეთესი უსაფრთხოება, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი დემოკრატია – ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის საქართველოს წარმატების , სტაბილურობის ფორმულა. ჩვენ ვპარტნიორობთ საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამაც გვაქვს ამ მიმართულებით – ორშაბათს ჩაეშვა უნარების კვირეული – აქ ამერიკა საქართველოს მთავრობის პარტნიორია. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ სტუდენტები შეიარაღებულები იყვნენ იმ უნარებით, რაც მათ სამომავლო დასაქმებისთვის გამოადგებათ – მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად – იმისთვის, რომ ფინანსურად უზრუნველყონ თავიანთი ოჯახები და კარიერული კმაყოფილებაც იგრძნონ. განათლების სამინისტროს მხარს ვუჭერთ როგორც სასკოლო განათლების მიმართულებით – მაგალითად, კრიტიკული აზროვნების თუ ინგლისური ენის უნარების განვითარების მხარდაჭერით – იმ ტიპის უნარების მხარდაჭერით, რაც მოსწავლეებს გზას გაუხსნის დასაქმებისკენ – ასევე, იქნება ეს პროფესიული თუ უმაღლესი განათლების გავლით.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს ეკონომიკური მომავლის მიმართ. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა იყო. ნაწილის მიზეზი ნამდვილად იყო ომის გავლენა - ძირითადად გადმორიცხვების ზრდით რუსეთის ომის ფონზე უკრაინაში, თუმცა – ნაწილი სწორი ფისკალური და მონეტარული მენეჯმენტის შედეგია ეროვნული ბანკის მხრიდან, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკის ეს კარგი მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვაკვირდებით ისეთი ორგანიზაციების როლსაც - როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის სავაჭრო პალატა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში პოზიტიური ბიზნესგარემოს განვითარებაში. კიდევ ერთხელ – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ასპექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები