უკვე დიდი ხანია, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” შორის არსებულ კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და როგორც იტალიური მედია წერს ქართველმა შემტევმა კლუბისგან შეთავაზება უკვე მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ “ნაპოლის” 33 წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა და იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად ის 2027 წლამდე 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია მთლიანად კლუბში.
შედარებისთვის, ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ახლახან გაახანგრძლივა გუნდთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას გაუმჯობესებულ კონტრაქტს, იტალიური პრესის ინფორმაციით ის ვერ აკმაყოფილებს ქართველის გარემოცვისა და მისი აგენტის მამუკა ჯუღელის მოლოდინს.
პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა კვარაცხელიას სეზონში 3-4 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო ხვიჩას გარემოცვა დაახლოებით 7 მილიონს ითხოვს, რაც ფეხბურთელის ნაჩვენები შედეგებითა და ხარისხითაა განპირობებული. მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის არსებული დიდი სხვაობის გამო მოლაპარაკების პროცესი გართულებულია და მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” “დინამო ბათუმიდან” 2022 წელს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.