სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ ნარჩენი საბურავების მართვის პრობლემის გადაჭრა რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის წარმოებით არის შესაძლებელი.
ამ საკითხზე პავლიაშვილმა საერთაშორისო სამიტზე ისაუბრა, რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა.
„ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევქმენით მოდელი - „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“, რომლის ერთ-ერთი რეგლამენტი სწორედ ნარჩენი საბურავების მართვას ეხება. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის საბოლოო დაძლევაც სწორედ რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის წარმოებითაა შესაძლებელი. საქართველოს განსაზღვრული აქვს ნარჩენების მართვის თანმიმდევრული პოლიტიკა. გვაქვს ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა. ამ ღირებულებათა ჯაჭვში, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გადამუშავების ციკლის გაძლიერებაა, რასაც აღნიშნული პროექტი ხელს ნამდვილად შეუწყობს“, - განაცხადა პავლიაშვილმა.
რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის 2026 წლის სამიტი ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის - Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით ჩატარდა.




























