მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარიყალა ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურულ ძეგლებს შორის დასახელდა

5fdc4754140ea
BM.GE
18.12.20 10:06
882
ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შესულია ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად - ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას.

მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით.

პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ი 10, 000 ევრომდე თანხის ოდენობით. EIB Heritage Grant-ი შესაძლოა გადაეცეს უფლებამოსილ და შერჩეულ 7 Most Endangered გამარჯვებულ ობიექტს, შეთანხმებული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გამიზნული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადარჩენისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები