მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნატახტარი-ბათუმის მიმართულებაზე ტენდერს გაიაფებული ტარიფით ვაცხადებთ”- მარიამ ქვრივიშვილი

შიდა ფრენები

პრემიერის განკარგულებით, შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 თვით გახანგრძლივდა. 1 მარტს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ უფლება 31 მაისის ჩათვლით ექნებათ.

შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. კომპანია AK-Air Georgia-ში ამბობენ, რომ სუბსიდირების ფასები შიდა ფრენებზე გადასახედია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი BM.GE-თან აცხადებს, რომ ახალი ტენდერი შიდა ფრენებზე განახლებული პირობებით უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. კითხვაზე იგეგმება თუ არა არსებული პირობების შეცვლა და სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, ქვრივიშვილი ამბობს, რომ ნატახტარი-ბათუმის მიმართულებაზე ტენდერი გაიაფებული ტარიფით გამოცხადდება, რადგან კონკურენცია გაზრდილია.

“უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფთ, რომ ტენდერი ჩატარდეს, რაც შეეხება სატენდერო პირობებს, ის სრულად არის დაფუძნებული პირველად ბაზრის კვლევაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც აქვს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ შეასრულოს ფრენები აქვს შესაბამისი ბორტები, ლიცენზიები. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას ჩვენ ასევე დავეყრდენით იმ ბაზრის კვლევის შედეგებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ აღნიშნული კომპანიებისგან. რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნება სრულ თანხვედრაში იმ ობიექტურ სატარიფო პოლიტიკასთან, რომელიც ერთი მხრივ მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის და მეორე მხრივ ასევე მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ ჩვენი ხარჯვითი ნაწილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სახელმწიფო სახსრები იხარჯება.

ძალიან მალე ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები, გვეყოლება გამარჯვებული კომპანიები თბილისი-ბათუმის მიმართულებით და ასევე სხვა შიდა აეროპორტების ოპერირების კუთხით. ბათუმის მიმართულებაზე უფრო გაიაფებული ტარიფით ვაცხადებთ ახლა ტენდერს ვიდრე წინა კონტრაქტი გვაქვს, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა. ეს თავის მხრივ მხოლოდ მარტო საოპერაციო ნაწილს არ გულისხმობს, კონკურენცია ყოველთვის განაპირობებს იმას, რომ ფასი ლოგიკურ ზღვრამდე ჩამოდის,”- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წელს 8 მლნ ლარი გამოიყო.

AK-Air Georgia ახალი ტენდერის გამოცხადებას პოსტ პანდემიური პერიოდიდან ითხოვს იმ მოტივით, რომ ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი ტარიფები რეალობას არ შეესაბამება.

რაც შეეხება ფასებს, აკეარ ჯორჯიას შიდა ფრენების ფასები, რომელიც 2018 წელს დადებული ხელშეკრულებითაა გაწერილი, ასეთია:

  • ნატახტარი - მესტია - ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ;
  • ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ;
  • მესტია - ქუთაისი - მესტია ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

ბათუმის მიმართულებით ფრენის ღირებულება 125 ლარი იყო, თუმცა კომპანია შემოდგომის შემდეგ რეისებს ამ მიმართულებით აღარ ახორციელებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები