ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ინფლაციის დამატებითი ზრდის შემთხვევაში სებ-ი ვალდებული იქნება რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.
"თუ ინფლაცია გაიზრდება, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ. პროგნოზია, რომ ინფლაცია ნორმალიზებას განიცდის და თავის მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება. პიკი ახლა არის და ის ჩამოვა ქვევით. შესაბამისად, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს.
ჩვენ ვალდებული ვართ რომ სწორი ბალანსი დავიცვათ რეფინანსირების განაკვეთსა და ინფლაციას შორის. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ფასების საერთო დონე. ჩვენი ცენტრალური სცენარით წელს ინფლაცია არის 4%-ის ირგვლივ და მომდევნო წლიდან დაიწყებს შემცირებას და 3%-თან დაახლოებას. თუმცა, მზად ვართ რომ სწრაფი ზომები გავატაროთ თუ საჭიროება იქნა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოში 5.2%-მდე გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, 5 ნოემბრის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, სებმა გამოაქვეყნა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც განხილულია თუ რა იქნება სების პასუხი ინფლაციის შემდგომი ზრდის პირობებში. ანგარიშში სებ-მა აღნიშნა, რომ ინფლაციის დამატებითი ზრდის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება.




























