საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან შეხვედრა გამართა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა, ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების სისტემები განუწყვეტლივ ვითარდება. CIPS-თან თანამშრომლობა კი მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.
თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კავშირი საზღვრისპირა გადახდების რაოდენობის ზრდაზე აისახება. CIPS-ის მსგავსი საგადახდო სისტემების ინტეგრაცია კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. კარგად განვითარებული, ეფექტური და უსაფრთხო საგადახდო ინფრასტრუქტურა ძალიან სასარგებლო იქნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ფუ ჰუანგმა.
ვიზიტის ფარგლებში CIPS-ის მენეჯმენტმა შეხვედრები ასევე გამართა ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-ი, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს დაარსებული ავტორიზებული გადახდის სისტემაა. კომპანია სპეციალიზირებულია იუანის საერთაშორისო გადახდების კლირინგში. ამჟამად, CIPS-ის ქსელში 185 ქვეყნის 4700 ზე მეტი საბანკო ინსტიტუცია მონაწილეობს. 2024 წელს CIPS-ის წლიური საქმიანობის მოცულობა 570 ტრილიონ იუანს აჭარბებდა.




























