მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა დანაზოგის 95%-ს უცხოურ ვალუტაში ინახავს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ქონებრივ დეკლარაციაში ნათია თურნავამ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული ქონება, ასევე გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ოდენობა და გაწეული მსხვილი ხარჯები.

დეკლარაციის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საკუთარი დანაზოგების უდიდეს ნაწილს უცხოურ ვალუტაში ინახავს.

ნათია თურნავა დეკლარაციაში უთითებს, რომ მას ბანკში აქვს 123 ათასი ევროს და 370 ათასი დოლარის დანაზოგი, ასევე ნაღდი ფულის სახით ინახავს 7 ათას დოლარს. ეროვნული ვალუტის ანგარიშზე კი, მითითებული აქვს 12 ათასი ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 28 ათასი ლარი. შესაბამისად, დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავას დანაზოგების მთლიანი მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც ეროვნულ ვალუტაში 4% არის ნომინირებული. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში ლარში დაზოგვის პოპულარიზაციას ახორციელებს.

რაც შეეხება მიღებულ შემოსავლებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სებ-ში დაკავებულ თანამდებობაზე 183 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავას მეუღლე, დავით ვეშაპიძე კომპანია “რუსთავის აზოტში” მრჩევლის თანამდებობას იკავებს, სადაც გასულ წელს 161 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 12,500 დოლარის შემოსავალს უძრავი ქონების გაქირავებიდან. რაც შეეხება ხარჯებს, 2023 წელს ნათია თურნავამ ორი იპოთეკური სესხის მომსახურებაზე 44 ათასი დოლარი დახარჯა. ქონების გადასახადის სახით 9 ათასი ლარი გადაიხადა, მოგზაურობაზე 16 ათასი ლარი დახარჯა, შვილის მიერ უძრავი ქონების შესაძენად კი, 245 ათასი ლარი გადაიხადა, ხოლო ახლო ნათესავების მკურნალობისთვის კი, 75 ათასი ლარი დახარჯა.