მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა საკრედიტო პროდუქტები, შეთავაზებები,  თუ აქციები სებ-ს უნდა შეუთანხმონ - ახალი წესი

თურნავა

ეროვნულმა ბანკმა ბანკებისა და მიკრობანკებისთვის საკრედიტო რისკების მართვის წესი დაამტკიცა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, ბანკს საკრედიტო რისკის მართვასთან დაკავშირებული წერილობითი პოლიტიკის და პროცედურების წარმოება დაევალა.

დოკუმენტის მიხედვით, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ინსტრუმენტის გაცემასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტების მუდმივად ხელმისაწვდომობა საქართველოს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის.

ფინანსური ინსტრუმენტის სახეობის მიხედვით, ბანკებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი ფინანსური ინსტრუმენტის მიღების თაობაზე;

ბ) იურიდიული პირების, აგრეთვე მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში მსესხებლის საფინანსო ანგარიშგება (საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები), დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების შემთხვევაში მსესხებლის, თანამსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) მსესხებლის ბიზნესგეგმა;

დ) უზრუნველყოფის შესახებ იურიდიული დოკუმენტაცია და შეფასების აქტები;

ე) საკრედიტო ხელშეკრულებები, ფინანსური ინსტრუმენტის გაცემის თაობაზე დასკვნა და გადაწყვეტილება;

ვ) ფინანსური ინსტრუმენტის მონიტორინგის თაობაზე და სხვა, მათ შორის, ბანკის შიდა პოლიტიკა - პროცედურებით განსაზღვრული ინფორმაცია.

ამასთან, ბანკი ვალდებულია დანერგვამდე და ძალაში შესვლამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია საკრედიტო პროდუქტებში და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკა-პროცედურებში სესხის გაცემის პირობებში შეტანილი ნებისმიერი ტიპის ცვლილების შესახებ, მათ შორის, ახალი პროდუქტის დანერგვა, ცვლილებები არსებულში, შეთავაზებები, აქციები.

სებ-ს ენიჭება უფლებამოსილება ბანკის სასესხო პროდუქტის რისკიანობიდან გამომდინარე, ბანკს მოსთხოვოს მისი კორექტირება, შეჩერება ან გაუქმება.

დოკუმენტის მიხედვით, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ჯანსაღი დაკრედიტების პრინციპების შესაბამისად.

განისაზღვრა ცხრილიც, რომელიც განსაზღვრავს მსესხებლის ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის სარეკომენდაციო მაჩვენებლებს, ეკონომიკური საქმიანობის სექტორების მიხედვით:

მაგალითად, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში თუ მსესხებლის, ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები აღემატება 2.5 მლნ ლარს, მისი მთლიანი ვალდებულებების EBITDA -სთან შეფარდების მაქსიმალური კოეფიციენტი 3.00-ით განისაზღვრა. ამავე ტიპის მსესხებლისთვის საპროცენტო ხარჯებთან EBITDA -ს შეფარდების მინიმალური კოეფიციენტი ასევე 3.00-ით განისაზღვრა.

თუ მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები ნაკლებია ან ტოლია 2.5 მლნ ლარისა, ამ შემთხვევაში, მთლიანი ვალდებულებების EBITDA -სთან შეფარდების მაქსიმალური კოეფიციენტი 2.4-ით განისაზღვრა. ამავე ტიპის მსესხებლისთვის EBITDA -ს შეფარდება საპროცენტო ხარჯებთან მინიმალური კოეფიციენტი 3.6-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები