მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: ინფლაციის შესაკავებლად არაპოპულარულ ნაბიჯებზეც კი მივდივართ

5de8c44449b5a
თათია ჩაფიჩაძე
05.12.19 12:42
1016
"იმისთვის, რომ ინფლაციური პროცესები შევაკავოთ, არაპოპულარულ ნაბიჯებზეც კი მივდივართ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც არის", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნოემბერში ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფასების ზრდა მოსახლეობის დიდ ნაწილს ტვირთად არ დააწვეს.

მისივე შეფასებით, სხვადასხვა ისეთი ბერკეტებით, როგორიც არის პრივატზაცია, წიაღის რეფორმა და დასაქმების ხელშეწყობა, მთავრობა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასაც მოახერხებს.

"ინფლაცია არის ჩვენი უდიდესი გამოწვევა, რაც დგას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე. ჩვენ ამას რეალისტურად ვაფასებთ, ვიცით, რამდენად მძიმე არის მოსახლეობის დიდი კატეგორიისთვის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდა არის ჩვენი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და მათ შორის, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მთლიანად არის გადაწყობილი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევაკავოთ ინფლაციური პროცესები და ეროვნული ბანკი ამას ადეკვატურად პასუხობს, მათ შორის, ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც კი არის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ავამოქმედეთ ეკონომიკური ზრდის წახალისების სხვა ბერკეტები, როგორიც არის პრივატიზაცია, წიაღის რეფორმა, დასაქმების ხელშეწყობა და ა.შ.

აქედან გამომდინარე, როდესაც ვაფასებთ, თუ რა უნდა იყოს ამა თუ იმ ჩვენი ეკონომიკური ნაბიჯის პრიორიტეტი, ყოველთვის სათავეში ვაქცევთ ანტიინფლაციურ მოქმედებებს, თუნდაც ეს იწვევდეს გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს სხვა შედეგების მიმართულებით, იგივე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამასაც მაღალ დონეზე შევინარჩუნებთ, ბოლო სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს", - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები