დღეს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და გარემოს დაცვის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხეს. „რატომ არ აშენებს ჰესებს სახელმწიფო?“, - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მრავალსაათიან სხდომაზე რამდენიმე პირმა დასვა, მათ შორის იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა.
ნათია თურნავას განმარტებით, ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი არსებობს; საქართველოს კი არჩეული აქვს მოდელი, როდესაც ჰესები კერძო საკუთრებაშია.
„ერთადერთი გამონაკლისია ენგურჰესი. რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის სტრუქტურირებული პროექტი, ისევე როგორც მსგავსი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ხდება როგორც ფინანსური სახსრების, ისე რისკების გადანაწილება“ , - დასძინა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა ისიც, რომ კერძო ინვესტორების გარეშე ჰიდროელექტროსადგურების აშენების რესურსი არათუ - საქართველოს, არამედ არც ერთ სახელმწიფოს გააჩნია, მაგრამ მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჰესების მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინებით, „უკეთესი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს“.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ კერძო ინვესტორი არ გვინდა და მხოლოდ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი. ამის რესურსი ჩვენ კი არა, არც ერთ სახელმწიფოს გააჩნია. ამასთან, ვითვალისწინებთ რა, იმ დებატებს, რაც გვაქვს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ, არ გამოვრიცხავ, უკეთესი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, როცა სახელმწიფო რაღაცა დოზით, თუნდაც კომპანიის სახით ან ენერგეტიკული განვითარების ფონდის სახით მონაწილეობს ასეთ მსხვილ პროექტში, ვინაიდან ეს პროექტს ნდობას მატებს.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ უნდა სრულვყოთ რაღაცეები და მათ შორის კანონმდელობა, ეს ერთ-ერთი იქნება, რაც შეიძლება განვიხილოთ და დავხვეწოთ. პრობლემა არის სისტემური - არ არსებობს ინვესტორის მიმართ ნდობა, ასევე, ნდობა ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის. ამ ნდობის მოპოვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა როგორც ჩანს, საჭიროა, საკანონმდებლო ბერკეტები, სამმხრივი ხელშეკრულებები, სოციალური პასუხისმგებლობის განსაზღვრა, სათემო ფონდების შექმნის ვალდებულება და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი პრობლემაა და 100-ზე მეტი პროექტი არის გაჩერებული, ძირითადად მოსახლეობასთან გარკვეული უთანხმოების გამო, რაც აზარალებს სახელმწიფოს. ამიტომ დაგეთანხმებით, რომ გვაქვს უფრო მეტი ნაბიჯი გადასადგმელი, რათა მეტად სრულვყოთ კერძო საჯარო პარტნიორობა. სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული, თუნდაც როგორც ამ ჰესების თანამფლობელი, თუმცა ამას გარკვეული რესურსი სჭირდება", - ამბობს ნათია თურნავა.




























