15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების გარე სივრცეები იხსნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. მათ მუშაობის უფლება მხოლოდ 21:00 საათამდე აქვთ; ასევე, შაბათ-კვირას დახურულები იქნებიან. რესტორნები შეზღუდვების მოხსნას და რეგულაციების დაცვით სრულად ამუშავებას ითხოვენ, მაგრამ - ჯერ უშედეგოდ. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კი ირწმუნება, რომ აღნიშნული შეზღუდვებით კვების ობიექტებსაც იცავენ, რადგან "რესტორნების პირველი მტერი პანდემიაა".
„ორშაბათიდან იხსნება რესტორნების გარე სივრცეები, თუმცა მათთვის ძალაშია საღამოს გადაადგილების შეზღუდვა და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვა. ეს არის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ეტაპობრიობის პრინციპი, რადგან ერთი მხრივ, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, ვინაიდან მეტ-ნაკლებად კონტროლის ქვეშ გვყავს აყვანილი ეპიდვითარება და სტაბილურობა არის, თუმცა მეორე მხრივ, ერთიანად ყველაფერი რომ გავხსნათ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი“, - განაცხადა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
დღესვე, მინისტრმა დაანონსა, რომ მომდევნო კვირაში რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა მათგან გახსნის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მოისმინოს. „ზოგადად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - ამბობს ის.




























