მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავა
05.12.23 16:06
313

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა USAID-ს და აშშ-ის მთავრობას მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკური დახმარების გაწევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაში.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის წვლილზე და აღნიშნა, რომ მრავალფეროვან საინვესტიციო რესურსებზე და ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ქვეყნის კერძო სექტორისთვის.

"საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში გახდეს ფინანსური ინოვაციებს ჰაბი. საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს ქვეყანაში ინოვაციური და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში. სებ-მა შეიმუშავა სტრატეგიული მიდგომა, რომელიც პოლიტიკაზე ორიენტირებულ ღია რეგულირებას გულისხმობს და ფინანსური სისტემის მონაწილეთა სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენი მიზანი ფინანსური სისტემის ფარგლებში დიჯიტალიზაციის სტიმულირება და ინოვაციური გადაწყვეტების უსაფრთხოდ დანერგვის წახალისებაა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პროექტზე, მათ შორის USAID-ის გუნდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე "ფინტექ ბიზნესმოდელის რუკები“, რომლის ფარგლებშიც დადგინდა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არსებული ინოვაციების რეგულაციური ბარიერები.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა სებ-ის ინიციატივით, "ისწავლე კეთებით" მიდგომის დანერგვაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინტექ ბიზნესმოდელების განვითარებას. ამ მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, საქართველოში შეიქმნა რეგიონში პირველი ღია ბანკინგის ტექნიკური ლაბორატორია, რომელსაც მონაწილეთა მრავალფეროვანი სპექტრი ჰყავს. ლაბორატორია შერჩეულ ფინტექ კომპანიებს ღია ბანკინგის ახალი API-ების ტესტირების საშუალებას აძლევს, რაც ინოვაციების მოზიდვის შესაძლებლობაა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, კარგად განვითარებულ შიდა კაპიტალის ბაზარს შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და კორპორაციული და საყოფაცხოვრებო სექტორის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები