მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ USAID-სა და Mastercard-ს შორის ახალი პარტნიორობის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკი
14.12.23 13:54
685
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და Mastercard Europe-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მემორანდუმი საქართველოში ელექტრონული კომერციის გაძლიერების მიზნით USAID-სა და Mastercard-ს შორის ახალ პარტნიორობას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს და მომხმარებლებს დაეხმარება ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტრონული კომერციის სფეროში გატარებული რეფორმებით. ელექტრონული კომერცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში.

პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას და ნდობის გაზრდას ელექტრონული ვაჭრობის მიმართ; ასევე განხორციელდება ტექნიკური ექსპერტიზა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მხარდამჭერი ინსტრუმენტის, "გონიერი კონტრაქტების" შემუშავებას.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ელექტრონულ კომერციას მომდევნო რამდენიმე წელიწადში ორნიშნა წლიური ზრდის პოტენციალი აქვს.

"ეროვნული ბანკი აქტიურად ავითარებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ახალი ციფრული ვალუტის შექმნით გეგმავს ხელი შეუწყოს პერსპექტიულ ინოვაციებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-მა წელს CBDC ინიციატივისთვის ჯილდო გადმოგვცა. ძალიან ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც USAID-თან, ასევე Mastercard-თან. ფასდაუდებელია ეს პარტნიორობა და ველით, მომავალში ხანგრძლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები