2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა ეროვნული ბანკის, არამედ საქართველოს მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, სებ-ს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია.
ნათია თურნავა აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის გამყარებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას - ანუ ბაზარზე დოლარის ყიდვის დაწყებას გეგმავს, თუმცა დაგეგმილი ოპერაციების მოცულობაზე წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის ოპერაციები, არამედ საგარეო ვალის მომსახურებაც და ესეც აისახება რეზერვების სტატისტიკაზე, როდესაც ხდება გეგმაზომიერად საგარეო ვალების დაფარვა. რაც შეეხება ინტერვენციებს ჩვენ არ განგვიხორციელებია არანაირი ინტერვენცია - არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია თანხა სავალუტო ბაზარზე.
მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პირიქით შევავსოთ რეზერვები და ვიყიდოთ ვალუტა ბაზარზე. ეს ქვეყნდება შემდეგ თვეში და ახლა არ არის მიზანშეწონილი რომ ვთქვა რას ვაკეთებთ ამჟამად სავალუტო ბაზარზე. ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანაში არის ძლიერი სავალუტო შემოდინებები. თქვენ ხედავთ, რომ ლარი გამყარდა კიდევაც, თებერვლის ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია და 2.4%-ია, შესაბამისად, ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების შევსების დაწყებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.