მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Native Racha წლის ბოლომდე ახალ საწარმოს გახსნის - რა ღირს ლორი?

6422b8ec88014
სალომე ხიდურელი
03.04.23 00:15
1137
„Native Racha გაორმაგდა, დღეს უკვე ყველა წამყვან სუპერმარკეტში ვართ“, - ამის შესახებ დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი საწარმოს დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ Native Racha ზრდას განაგრძობს.

“მოლაპარაკებები გვაქვს სუპერმარკეტებთან, რომ ექსკლუზიური ტიპის პროდუქტები ვაწარმოოთ მათთვის და, რაც მთავარია, თუ აქამდე რაჭული ლორი ითვლებოდა სეზონურ პროდუქტად, დღეს ჩვენ მას ნებისმიერ მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი სახით (დაფასოებული თუ დაუფასოებელი) ნებისმიერ დროს.

Native Racha-ს ხორცპროდუქტების საერთო თვიური წარმადობა დაახლოებით 3,5 ტონაა, თუმცა წლის ბოლოსთვის იგეგმება ახალი საწარმოს აშენება, რომელიც თვიურად 15 ტონის წარმოებაზე ავა და ეტაპობრივად გაიზრდება“, - აცხადებს ბაბლუანი.

საკითხზე, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული რაჭაში ხორცპროდუქტების წარმოება, ვასილ ბაბლუანი აღნიშნავს, რომ ადგილობრივად ნედლეულის შესყიდვა ჭირს.

„Native Racha-ს აქვს თავისი ფერმები, თუმცა, სამწუხაროდ, ამხელა წარმოებას ჩვენი ფერმები არ ჰყოფნის. წარმოების დაახლოებით 15-20%-ს ჰყოფნის, 40% მოდის ადგილობრივი მოსახლეობისგან და დამატებით მოლაპარაკებებიც გვაქვს ხორცის შესყიდვისთვის. ეს რაჭაში ძალიან ჭირს, რადგან ვეტერინარული პრობლემებია. დაავადებები არსებობს, რის გამოც ღორი ვერ მრავლდება“, - განმარტავს ბაბლუანი.

Native Racha-ს დამფუძნებელი BMG-ზე რაჭული ლორისა და სხვა ხორცპროდუქტების ფასების ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უცხოეთიდან იმპორტულ პროდუქციასთან შედარებით ქართულ წარმოებას კონკურენტუნარიანი ფასები აქვს.

„რაჭული ლორი გაძვირდა იმიტომ, რომ შეიქმნა გასაყიდი პროდუქტი. აქამდე თუ ძირითადად იყო ოჯახური წარმოებები, დღეს ეს ადამიანები, ჩვენთან ერთად, პატარა ბიზნესმენებად იქცნენ და პროდუქტიც უფრო ღირებული გახდა. არ შეიძლება, რომ ცოცხალი ხორცი ღირდეს 20 ლარი და რაჭული ლორი 25 ლარად იყიდებოდეს.

ფასები სტადნარტულია. შემიძლია შევადარო იგივე, ან უფრო დაბალი ხარისხის იმპორტირებული დავარგებული ხორცის ფასებს, რომელთან შედარებითაც 20-30%-ით იაფია ჩვენი წარმოებული ლორი“, - აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ პრემიუმ ხაზის რაჭული ლორის წარმოება 2018 წლიდან დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები