NATO განაგრძობს თქვენს გვერდით დგომას, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს აქვს მიღწევები და პროგრესი, თუმცა, რეფორმების განხორციელება უნდა განაგრძოს.
„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე NATO-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის საკითხებზე ვიმსჯელეთ და იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ის უფრო მეტად. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის და უსაფრთხოების კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული.
ასევე, ვულოცავ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებას. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ განაგრძოს რეფორმების განხორციელება და შეინარჩუნოს დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ გვინდა ვხედავდეთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის - უფრო მეტი კეთილდღეობის და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ. ნატო განაგრძობს თქვენ გვერდში დგომას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძეს პრემიერის რანგში დღეს NATO-ს შტაბ-ბინაში იენს სტოლტენბერგმა უმასპინძლა.