NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები შეაქო და აღნიშნა, რომ ეს ოპერაციები თეირანის ბირთვულ და ბალისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.
გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია ირანის მიერ ბირთვული პოტენციალის მოპოვების აღსაკვეთად.
მიუხედავად მხარდაჭერისა, გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფლიქტში ჩართვას არ გეგმავს. მისი თქმით, NATO-ს არ აქვს არანაირი გეგმა, გახდეს ამ დაპირისპირების ნაწილი. რაც შეეხება ცალკეული მოკავშირეების მიერ ისრაელისა და აშშ-სათვის ინდივიდუალური დახმარების გაწევას, ამას გენმდივანი პრობლემად არ აღიქვამს.




























