მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NATO-ს გენ.მდივანი ოთხშაბათს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მიმდინარე კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. მოლაპარაკებები, რომელიც ოთხშაბათს არის დაგეგმილი, ორ მხარეს შორის არსებული დაძაბული ფონზე გაიმართება. შეგახსენებთ, პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ირანის ომში „პასიური როლის“ გამო ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს.

როგორც ირკვევა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუტე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთანაც, რათა განიხილონ კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის დეტალები.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გაღიზიანების მთავარი მიზეზი მოკავშირეების მხრიდან ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ერთობლივი სამხედრო ოპერაციების არასაკმარისი მხარდაჭერაა. პრეზიდენტი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები აქტიურად არ მონაწილეობენ ჰორმუზის სრუტის, როგორც მსოფლიო ნავთობვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კვანძის გახსნაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესაძლებლობაზეც საჯაროდ დაიწყო საუბარი. თუმცა კი, უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციაში ამ მხრივ პრაქტიკული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს გენ.მდივანი ტრამპის მიმართ ლოიალური პოზიციით გამოირჩევა და მსოფლიო უსაფრთხოების დასამკვიდრებლად პრეზიდენტის ძალისხმევას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ალიანსის შიგნით რუტეს მიმართ პოზიცია არაერთგვაროვანია. ევროპელი მოკავშირეების ნაწილი მას თეთრ სახლთან ზედმეტად თბილ პოლიტიკაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსებს განსაკუთრებით აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის ომის დასრულებას ვლადიმერ პუტინის პირობებით განიხილავს, ამ დროს კი NATO-ს გავლენა პროცესებზე არასაკმარისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები