ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც გვქონდა - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტით, რეალურად ძალაში დარჩა სტატუს-კვო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში.
"რაოდენობრივად ტექტსი მეტია მოცემული დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად არავითარი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, რომ კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული რუსეთთან დაკავშირებით წერია პირდაპირ, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები ვერ ექნება უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს, ეს არის რეალური მოცემულობა.
მეტნაკლები სიზუსტითაც კი, შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა, ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და კიდევ ერთხელ, ღიად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში. ეს არის ერთგვარი პრაგმატული დამოკიდებულება, ჩვენ გვეკრძალება პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ამის უფლება არ აქვს, მაგრამ ნატო-ს აქვს. ასევე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვეძებდეთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვეძებოთ კონფრონტაცია, მაგრამ ნატო-ს აქვს უფლება, რომ არ ეძებოს კონფრონტაცია რუსეთთან და ეს პირდაპირ ჩაწერა ამ ტექსტში.
ჩვენ ასევე გვეკითხებიან, რომ გეშინია ომის? გეგონება, ომის რომ გეშინია, ეს ცუდი რამეა. გეშინია, რადგან მოსახლეობა არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს უკრაინის მოსახლეობა. ცდილობენ, ამის კნინობითი ფორმით წარმოჩენას. ეს შიში არის ნორმალური. ეს შიში გამოხატულია ნატო-ს კომუნიკეში. ნატო-ს ეშინია და საქართველოს რომ ეშინოდეს ეს ბუნებრივია“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ: ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელშიც მათ შორის საქართველოზეა საუბარი. კომუნიკეში წერია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს რეფორმებში.