მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაწილობრივ ელექტრონული არჩევნები - ცესკოს 2024 წლის ბიუჯეტი ₾147 მილიონამდე იზრდება

646c733e94cad
შოთა ტყეშელაშვილი
23.05.23 12:40
729

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს ცესკოს ბიუჯეტი 147 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან (56 მილიონთან) მიმართებით თითქმის სამჯერ მეტია. აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 109 მილიონი ლარი დაჯდება. ამასთან, ცესკო მომდევნო წელს 529 შტატიან და 4,903 უშტატო თანამშრომელს დაასაქმებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ნაწილობრივ ელექტრონული გზით გეგმავს, რისთვისაც, უწყებამ უკვე გააფორმა 4.5-მილიონიანი ხელშეკრულება Smartmatic International-თან. ამ კონტრაქტის ფარგლებში ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლისთვის, ასევე ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციის აპარატურას მიიღებს.

ცესკოს მიერ შესყიდული აპარატურის ჩამონათვალი:

● ამომრჩეველთა ვინაობის ამომცნობი დამადასტურებელი აპარატები - 840 ერთეული;
● ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი - 520 ერთეული;
● საარჩევნო ბიულეტენების ყუთი - 520 ერთეული;
● კენჭისყრის შენობიდან შედეგების ცესკოს სერვერზე გადაცემის პროგრამული უზრუნველყოფა (MS SQL) თავსებადი;
● აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით შედეგების გადაცემისთვის მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ იქნება 170 ერთეული ტაბლეტი.

2023 წლის თებერვალში ცესკომ გამოსცა დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესები არის განსაზღვრული.

ცესკოს ბიუჯეტიდან მომდევნო წელს 12.7 მილიონი ლარი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე დაიხარჯება, საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის კი 22.7 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები