მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობი თუ გაიაფდება, რუსეთ-უკრაინის ომი მომენტალურად დასრულდება - ტრამპი

ტრამპი ნავთობი

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტი მყისიერად დასრულდება, თუკი საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირდება.

ტრამპის თქმით, ამჟამად ნავთობის ფასი იმდენად მაღალია, რომ ის რუსეთს ბიუჯეტის შევსების და ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, თუმცა თუ ნავთობი გაიაფდება, კრემლი ომის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს, რადგან რუსეთის სამთავრობო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სწორედ ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე დგას.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს ნავთობის გაიაფებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, OPEC-ს ომის დასრულება ერთ დღეში შეუძლია, რადგან გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების საკითხს სწორედ ეს ორგანიზაცია წყვეტს.

ცხადია, დონალდ ტრამპი აცნობიერებს, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობს არ გააიაფებენ, რადგან ეს მათ შემოსავლებზეც ნეგატიურად აისახება და თან OPEC-ის პოლიტიკაზე უდიდესი გავლენა საუდის არაბეთსა და რუსეთის ფედერაციას აქვთ, რომლებიც მოკავშირეები არიან.

ნავთობის გაიაფების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში ენერგორესურსების მოპოვების დაჩქარებას და ბაზრისთვის მეტი ნავთობის მიწოდებას აანონსებს, რაც მის გაიაფებას გამოიწვევს. თუმცა, როგორც ტრამპი ამბობს, ეს არ იქნება ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები