მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობიმპორტიორთა კავშირში, ამ ეტაპზე, საქართველოში საწვავის გაძვირებას არ ელიან

საწვავი

ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასის ცვლილება არაა მოსალოდნელი - ასე ეხმაურება ნავთობიმპორტიორთა კავშირი გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ბოლოდროინდელ ზრდას.

როგორც კავშირის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, ჯერჯერობით გლობალურ ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება არ ფიქსირდება, საქართველოში კი საწვავის მარაგები არის.

თუმცა ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ თუკი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ნავთობი გაძვირებას გააგრძელებს, ეს უკვე შესაძლოა, საქართველოს ბაზარზეც აისახოს

“დღევანდელი მონაცემებით არ ველოდები, რომ {საქართველოში საწვავი გაძვირდება]. ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ ძველი შემოტანილი [მარაგები] და მე არ ვარ მომხრე, რომ რაღაც პროგნოზებით ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ 5-დოლარიანი ცვლილებები მუდამ არის სანავთობო ბაზარზე. მოვლენების წინ გასწრება არასახარბიელოა. ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა მარტო ირანის იურიდიული უფლებები არ არის. ომია, დაძაბულობაა, მაგრამ იქ სხვა ქვეყნებიც სარგებლობენ აღნიშნული სრუტით. ესენი არის ყატარი, არაბული ქვეყნები, საამიროები. ამიტომ იქ მუშაობს კიდევ სხვადასხვა საზღვაო კანონები. ადრეც ყოფილა ასეთი კატაკლიზმები სუეცის არხში, ყველგან, დალაგებულა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არავინ არ მისცემს უფლებას ერთ სახელმწიფოს, რომ ასე გააჩეროს მსოფლიო ენერგეტიკა.

თუმცა ლოგიკურად, თუ გაგრძელდა ფასთა მატება, რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოს შიდა ბაზარზეც, იმიტომ რომ უნდა იყიდო და უნდა გაყიდო. რასაც ყიდულობ, თუ ის გაგიძვირდა, ეს შედეგს, რა თქმა უნდა, მოიტანს. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ არ იქნება დიდი კატაკლიზმები. დაველოდოთ ახალ ვაჭრობას, რა ფასებს შემოიტანს სანავთობო ბაზარზე. ბუნებრივია კომპანიები იძულებული გახდებიან, რომ იმ ფორმულებს დაემორჩილონ. თუ პარტიას იყიდიან ორჯერ უფრო ძვირად, ნუ ბუნებრივია ეს აისახება [საქართველოში საწვავის ფასზე]”, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა. ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ ბარელზე $72.57 დოლარი შეადგინა. პარალელურად, Brent-ის მარკის ნავთობი დაახლოებით 9%-ით, $79.41 დოლარამდე გაძვირდა.

ბაზარზე ფასების მკვეთრი ნახტომი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებსა და მიწოდების გლობალური ჯაჭვის შესაძლო შეფერხების მოლოდინს უკავშირდება. ფასების ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის ფაქტობრივი შეჩერებაა, რადგან გადამზიდავი კომპანიები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები