საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში მკვეთრად, 10%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 84 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 82 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შედარებისთვის, ჯერ კიდევ წინა თვეს ბრენტის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.
ერთ კვირაში 7%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
დაღმასვლის ტენდენციას ვხედავთ ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, აშშ-ისა და ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი საშუალოდ 6.5%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 37 ევროს შეადგენს.
ნავთობის გაიაფება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით საწვავზე მოთხოვნის შემცირებასთან და რეცესიული რისკების ზრდასთან. აშშ-ში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნა 25-წლიან მინიმუმამდე დაეცა, შემცირების ტენდენციაა ჩინეთშიც, რაც ნავთობის ფასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
საწვავზე მოთხოვნის შემცირება, ძირითადად, ეკონომიკური აქტივობის შენელებას და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ში მდგრადად იზრდება ელექტრომობილების რაოდენობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს.