2023 წელს „ნავთობის და გაზის კორპორაციას“ მოგება გაუნახევრდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის წმინდა მოგებამ 50 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს არსებული 109 მლნ ლარის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება ბოლო სამი წლის მინიმუმზეა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება
- 2021 წელი - 138 მლნ ლარი
- 2022 წელი - 109 მლნ ლარი
- 2023 წელი - 50 მლნ ლარი
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
აღსანიშნავია, რომ კორპორაციამ 2023 წელს 1.45 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 60 მილიონით არის შემცირებული. საოპერაციო შემოსავალი კი გაზრდილია 52 მლნ ლარით.
„2023 წელს ჯგუფის წმინდა მოგება 2022 წელთან შედარებით შემცირდა რაც, ძირითადად, გამოწვეულია საკურსო სხვაობიდან მიღებული ზარალით და გაზრდილი საპროცენტო ხარჯით. 2022 წელს დაფიქსირებული საოპერაციო ზარალის შემდეგ, 2023 წელს საოპერაციო მოგების მიღება გაზის რეალიზაციის სეგმენტის ზარალის მნიშვნელოვანი კლებით არის განპირობებული“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მომზადებულ ფისკალური რისკების ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საწარმოთა რისკის რეიტინგში „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ რისკიანობა შემცირდა და თუ წინა წლებში ის შეფასებული იყო როგორც „მაღალი“, 2023 წელს „საშუალო“ -ს კატეგორიაში განთავსდა.
კორპორაციის ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლებისთვის დიდი საფრთხეა კვაზი-ფისკალური აქტივობების მზარდი დონე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 26 დეკემბრის განკარგულების ფარგლებში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დახმარების სახით, მიიღო სესხი 230 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს 2003 წლის 30 ოქტომბერს კორპორაციასა და კომპანია „South Caucasus Pipeline Option Gas Company“-ს შორის გაფორმებული ოფციური გაზის კონტრაქტის შესაბამისად ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვისა და „სესხის მიმღების“ ფინანსური სტაბილურობის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა 2022-23 წლებში საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით. სესხის ნაწილი კომპანიამ დაფარვა 2023 წელს (60 მლნ ლარი), დარჩენილი სესხის ნაწილის დაფარვა დაგეგმილია 2024 წელს.