ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც კორონავირუსის ახალ შტამს - „ომიკრონის“ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება. აღნიშნულს უკრაინის საზღვრებთან განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მოლოდინი დაემატა. ამ პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 90.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 11.0 დოლარით მეტია. იანვრის პროგნოზებით ნედლი ნავთობის ფასის საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდილი იყო, მაგრამ ამ პერიოდისთვის უფრო მეტად გაიზარდა, რაც ნავთობის გლობალური მარაგების შემცირებას და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება. კერძოდ, იანვარში ნავთობის მარაგები შემცირდა. აღნიშნული დიდწილად ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა კარტელის რამდენიმე ქვეყნის მიერ სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი რაოდენობის ნავთობის მოპოვებას უკავშირდება. აღნიშნულს კი უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობის გამო ნავთობის ბაზარზე წარმოების და მიწოდების შეფერხების მოლოდინები დაემატა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უკვე იანვარში ფასების მკვეთრ ზრდაზე და უახლოეს მომავალში გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებლებში აისახა.
ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, იანვარში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასმა ბარელზე 86.5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს 7.5 დოლარით აღემატება. უკვე იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ბარელზე ფასმა 90.0-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იანვარში ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 58.0%-იანი ზრდაა. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 31.7 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის იანვარში ნავთობის საშუალო ფასი 54.8 აშშ დოლარი იყო. მთლიანად წლის მანძილზე კი პანდემიის პირველ წელთან შედარებით ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 28.9 აშშ დოლარითაა გაზრდილია, რაც 69.3%-იანი ზრდაა. 2020 წელს ნავთობის ფასი საშუალოდ 41.8 აშშ დოლარი იყო. პანდემიის პირველ წელს ყველაზე დაბალი ნიშნული, 18.4 დოლარი აპრილის თვეში დაფიქსირდა, როცა უმეტეს ქვეყნებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო მობილობა მკვეთრად დაეცა. წლის მეორე ნახევრიდან კი ფასი გაიზარდა. ზრდის ტენდენცია კი 2021 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ფასმა 70.7 აშშ დოლარი შეადგინა.
საშუალოვადიან პერიოდში კი ნავთობის ფასების უფრო მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი, რომელიც 2021 წლის ბოლოს არსებულ ფასებს 2022 წლის ბოლოსკენ დაუბრუნდება. 2022 წლის პირველ კვარტალში ბარელზე საშუალო ფასი 88.2 აშშ დოლარითაა ნავარაუდევი, რაც პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს 25.0 დოლარით აღემატება, ხოლო გასული წლის პირველი სამი თვის ნიშნულს კი - 27.4 აშშ დოლარით. უკვე მეორე კვარტლიდან ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ 87.0 აშშ დოლარამდე შემცირდება, რაც წლის მეორე ნახევრისთვის უფრო ნაკლებით, 78.3 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული. რაც შეეხება მომდევნო წელს, ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზით, 2023 წელს ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 68.5 აშშ დოლარი იქნება.
ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია
ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 99.0 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.8 მლნ ბარელით აღემატება, თუმცა გასული წლის დეკემბრის მოხმარების დონეს დღეში საშუალოდ 2.2 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით კი - 6.0 მლნ ბარელით მეტი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მეორე წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების დღიური მოხმარება გაზრდილია, აღნიშნული პანდემიამდე, 2019 წლის იანვართან შედარებით 0.7 მლნ ბარელით ნაკლებია. ამავდროულად, მიმდინარე პერიოდის პროგნოზები, წინა პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების მოხმარების ნაწილში თითქმის უცვლელია, მაგრამ გასული წლის დეკემბრის პროგნოზებთან შედარებით გაუმჯობესებული.
მიმდინარე წლის თებერვლისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 100.6 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა. წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მომდევნო წლის პირველ კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.2 მლნ ბარელით მეტი, 99.7 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 5.1 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 3.8 მლნ ბარელით. 2019 წელის პირველ კვარტალში საწვავის დღიური მოხმარება საშუალოდ 100.2 მლნ ბარელი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.5 მლნ ბარელით აჭარბებს.
ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ეს გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. ამ ქვეყნების ეკონომიკების ბირთვი კი სწორედ ნავთობის ინდუსტრიაა. გასული წლის ბოლო კვარტლის აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.71 მლნ ბარელი იყო, რაც, არსებული პროგნოზით, 2022 წლის პირველ კვარტალში 0.74 მლნ ბარელამდე გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის პროგნოზიც 0.74 მლნ ბარელია. ასეთივე მდგომარეობა რუსეთის წარმოების პროგნოზებში. 2021 წლის ბოლო პერიოდის დღიური საშუალო წარმოება 11.16 მლნ ბარელი იყო, რაც მიმდინარე წლიდან ზრდის მიმართულებითაა ნავარაუდევი. კერძოდ, პირველ კვარტალში წარმოების დონე დღეში საშუალოდ 11.32 მლნ ბარელია, ხოლო მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 11.49 მლნ ბარელამდე გაიზრდება, თუმცა აღსანიშნავია არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რომლის საომარ მოქმედებებში გადაზრდის შემთხვევაში შეიძლება ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა გაუარესდეს.
ამდენად, წლის პირველი ნახევრის პროგნოზები მიმდინარე პერიოდში იანვართან შედარებით ნავთობპროდუქტების მოხმარების ნაწილში უცვლელია, მაგრამ ფასების კუთხით საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდილია. აღნიშნული კი გლობალურად ნავთობის მარაგების შემცირებას და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ბაზარზე არსებულ წუხილებს უკავშირდება. კერძოდ, ნავთობის მიწოდების შეფერხების მოლოდინია. საერთოდ ჯამში, წინა პერიოდების მსგავსად, თებერვლის პროგნოზებიც მაღალი განუსაზღვრელობის პირობებშია მომზადებული, რაც პანდემიას უკავშირდება.




























