ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების მეშვიდე დღეს, გლობალურ ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 87 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია და წლის დასაწყისიდან დღემდე 42%-იან ზრდას წარმოადგენს. გაძვირებულია ამერიკული WTI და რუსული Urals-ის მარკის ნავთობიც – საშუალოდ ერთ კვირაში ზრდის მაჩვენებელი 24%-ია.
ანალიტიკოსები ნავთობის ასეთ ზრდას ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებასა და რეგიონში ნავთობმოპოვების ინფრასტრუქტურის დაზიანების მზარდ რისკებს უკავშირებენ.
თანაც, კონფლიქტის გაჭიანურებამ მიწოდების ჯაჭვის სრულად წყვეტის შიშიც წარმოშვა, რადგან კონფლიქტმა, შესაძლოა, რეგიონული მასშტაბი მიიღოს და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ.
ინვესტორები შიშობენ, რომ თუ საომარი მოქმედებები კიდევ უფრო გაფართოვდება, ეს ნავთობის 100-120 დოლარამდე გაძვირებასაც გამოიწვევს.
ზოგადად, ნავთობის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს გლობალურ ეკონომიკაში, რაც პირველ რიგში საწვავის გაძვირებასა და ინფლაციური წნეხის გაძლიერებაში გამოიხატება. თუკი ენერგეტიკული კრიზისი დიდი ხანი გაგრძელდება, მაშინ ინფლაციასთან ერთად, მოსალოდნელი იქნება მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ეკონომიკური რეცესიის რისკების ზრდაც.




























