აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, კრის რაიტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და უახლოეს მომავალში ტრანზიტი სრულად აღდგება, რაც აშშ-ირანის შეთანხმების გაფორმებასთან იქნება დაკავშირებული. ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ნავთობის ფასი 4%-ით დაეცა და Brent-ის ღირებულება 91 დოლარამდე შემცირდა, ხოლო WTI-ის ფასი 87.6 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთთვიან პერიოდში 11%-იან კორექციას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაზრის დარწმუნებას ცდილობდა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა და სრუტის გახსნა ორ-სამ დღეში იგეგმებოდა, რაც ბაზარმა ასევე დადებითად მიიღო.
მიუხედავად დაპირებებისა, მხარეებს შორის ოფიციალური დოკუმენტი ამ დრომდე არ გაფორმებულა. ამასთან, მიმდინარე კვირაში რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რითაც ლიბანზე მიტანილ იერიშებს უპასუხა, ისრაელმა კი საპასუხო დარტყმები ისლამურ რესპუბლიკაზე განახორციელა, რაც სამშვიდობო ზავის ოფიციალური დარღვევა იყო, თუმცა ამ ფაქტს შემდგომი ესკალაცია არ მოჰყოლია.




























