მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი ეცემა - მიზეზები

ნავთობი

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირდა და ერთთვიან პერიოდში კორექციამ 4%-ს მიაღწია, ხოლო წინა წელთან შედარებით ნავთობი საშუალოდ 8%-ითაა გაიაფებული. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 72 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 68 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარს შეადგენს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც პირობას დებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უმოკლეს ვადებში მოაგვარებს. თავისი არსით, გეოპოლიტიკური რისკების შემცირება ნავთობის გაიაფებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით OPEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია კონცენტრირებული.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნავთობის ფასების შემცირებას იწვევს, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩინეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მსოფლიოში და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა: ახალი სახლების ფასები წლიურ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლები დაგეგმილზე უარესი აღმოჩნდა. ეს ვითარება ინვესტორებში შიშს იწვევს, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტება გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს.

გარდა ამისა, რუსეთის როლიც ნავთობის ფასებზე დიდ გავლენას ახდენს. მიუხედავად სანქციებისა, რუსეთმა შეძლო ნავთობის ექსპორტის შენარჩუნება, თუმცა ფასების შემცირება მოუწია, რათა აზიასა და სხვა რეგიონებში ახალი ბაზრები დაეკავებინა. ამ სტრატეგიამ გლობალურ ბაზარზე ნავთობის დამატებითი მიწოდება შექმნა, რამაც ფასების კლება გამოიწვია.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ში საწვავის მოხმარება შემცირებულია, რაც ბაზარზე უფრო მეტი ჰიბრიდული და ელექტრონული ავტომობილის გამოჩენას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები