საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირების ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი ქვეყნის, საუდის არაბეთის ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 9.9% შეადგინა, რაც გასული ათწლეულის საუკეთესო შედეგია. საგულისხმოა, მშპ-ის ზრდის რეალური მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ ყველაზე პოზიტიური სცენარით პროგნოზირებულ შედეგსაც კი.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს საუდის არაბეთის მშპ-ის ფორმირებაში 32%-იანი წილი აქვს, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ენერგორესურსების ფასების ცვლილება პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
2022 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ბაზარზე ბარელი Arab Extra Light-ის ღირებულება 80 დოლარს შეადგენდა; ამჟამად მისი სავაჭრო ფასი 120 დოლარს აღწევს. ნედლი ნავთობის 50%-იანი გაძვირება და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, ცხადია, პოზიტიურად აისახა მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანია Saudi Aramco-ს შემოსავლიანობაზე, რამაც, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) ნავთობის ყოველდღიური წარმოების 648,000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდა. ამის პარალელურად კი, Saudi Aramco-მ ბარელი ნავთობის ღირებულება 6.5 დოლარით გაზარდა.
მიწოდების საერთო მოცულობისა და ფასების ზრდის ფონზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალი საუდის არაბეთისთვის გაცილებით წარმატებული და მომგებიანი იქნება, ვიდრე პირველი იყო.




























