მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები - რეიტინგი

ნავთობის წარმოება

ნავთობი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ის მწარმოებელი ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი განმსაზღვრელია. Visual capitalist იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი ნედლი ნავთობი აწარმოეს. მონაცემების მიხედვით, 2023 წელს შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივად დღეში 32 მილიონ 700 ათასი ბარელი ნავთობი აწარმოეს.

აღსანიშნავია, რომ ეს სამი ქვეყანა ნავთობის წარმოებაში 1971 წლიდან დომინირებს. თუმცა ლიდერის პოზიციას, ამერიკა, რუსეთი და საუდის არაბეთი ბოლო ხუთი წელია, მონაცვლეობით ინაწილებენ.

2023 წელს მწარმოებლებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა. ქვეყანამ გასულ წელს დღეში 12 მილიონ 900 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი აწარმოა. მეორე ადგილზე რეიტინგში რუსეთია. ქვეყნის ნედლი ნავთობის წარმოებამ 2023-ში დღეში 10 მილიონ 100 ათასი ბარელი შეადგინა. მესამე პოზიცია კი საუდის არაბეთს ერგო - დღეში 9 მილიონ 700 ათასი ბარელი ნავთობით.

მსხვილ მწარმოებლებს შორის მეორე სამეული - კანადისგან, ერაყისა და ჩინეთისგან კომპლექტდება. მათმა ერთობლივმა წარმოებამ 2023 წელს დღეში 13 მილიონ 100 ათას ბარელს მიაღწია.

კერძოდ, გასულ წელს კანადამ 4.6 მლნ ბარელი აწარმოა. ერაყმა - 4 მილიონ 300 ათასი ბარელი, ჩინეთმა კი 4 მილიონ 200 ათასი ბარელი. ათეულში შედიან ასევე ირანი, 3.6 მლნ ბარელით, ბრაზილია დღეში 3.4 მლნ ბარელით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროები - ბრაზილიის მსგავსად 3 მილიონ 400ათასი ბარელით და ქუვეითი - დღეში 2.7 მლნ ბარელი ნედლი ნავთობით.

უახლოეს მომავალში ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატების 2023 წლის, ნავთობის წარმოების რეკორდული შედეგების გადაჭარბებას, რადგან არცერთ ქვეყანას არ უწარმოებია დღეში 13 მილიონი ბარელი. აქვე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია Saudi Aramco-მ გააუქმა 2027 წლისთვის წარმოების სიმძლავრის გაზრდის გეგმები 13.0 მილიონ ბარელამდე დღეში.

2024 წელს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ, როგორც ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი, შეინარჩუნებს თავის პოზიციას. მეტიც, Macquarie Group-ის თანახმად, წლის ბოლომდე აშშ-ში ნავთობის მოპოვება რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. საუბარია დღეში 14 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის წარმოებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები